მმართველი გუნდი მზად არის სახალხო დამცველის რეკომენდაციები გაითვალისწინოს. ადმიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ ომბუდსმენის 303 რეკომენდაციიდან 228 პარლამენტმა გაიზიარა. მათ შორის არის მაჩალიკაშვილის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც სოფო კილაძის თქმით საზოგადოებას პერიოდულად ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.
„ჩვენ გავიზიარეთ რეკომენდაცია, რომ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას, როდესაც ახალი გარემოებების გამოვლენა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს. თუმცა ვიტყოდი, ყველაზე მეტი აქცენტები რაზეც არის გაკეთებული და ყველაზე მეტი რეკომენდაცია რაც არის გაცემული ეს არის სოციალური და ეკონომიკური უფლებები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ საზოგადოებაში სიღარიბე, გაჭირვება, მოწყვლადი ჯგუფები არის ყველაზე დიდი გამოწვევა და სწორედ ამ კუთხით უნდა გავიზიაროთ ჩვენ რეკომენდაციები,“-განაცხადა სოფო კილაძემ.
იზიარებს თუ არა ომბუდსმენის ანგარიშში გამოთქმულ შენიშვნებს გია ვოლსკი არ აკონკრეტებს. ის ამბობს, რომ შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაადასტურონ დოკუმენტში მოხვედრილი შეფასებების კომპეტენტურობა.
„ვერ გეტყვით, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები ფაქტია, რომ შენიშვნები, წინადადებები, რეკომენდაციები ბევრია. ფაქტია, რომ პირველად ხდება საქათველოს ისტორიაში, როდესაც სახალხო დამცველის მოხსენებას ყურადღებას აქცევენ საერთოდ და მის რეკომენდაციებზე დეტალურ ანგარიშს ისმენენ. კომპეტენტურმა სტრუქტურებმა უნდა მოგვახსენონ, არის თუ არა კომპეტენტური ის შეფასებები, რაც თუნდაც აფგან მუხთარლისთან დაკავშირებით არის. "რუსთავი 2"-თან, მაჩალიკაშვილებთან დაკავშირებით. ეს ის თემებია, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. მაგრამ ამაზე სამსჯელოა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.
სახალხო დამცველის ანგარიშს დეპუტატები პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მოუსმენენ. 2016-2017 წლის დოკუმენტში მოხვდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, სადაც ომბუდსმენი პირველად მიუთითებს სიცოცხლის დაცვის უფლებაზე. ანგარიშში საუბარია ასევე აფგან მუხთარლის საქმეზე, სადაც სახალხო დამცველი ითხოვს, რომ მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს. დოკუმენტში საუბარია ასევე ციხეებში არსებულ ძალადობისა და კრიმინალური სუბკულტურის არსებობაზე. ომბუდსმენი მიუთითებს, რომ ციხეებში კვლავ მწვავედ დგას არაფორმალური მმართველობის და ე.წ. კანონიერი ქურდების პრობლემა. ცალკე თავი სახალხო დამცველის ანგარიშში „რუსთავი ორის“ საქმესა ეთმობა. ომბუდსმენი საუბრობს იმაზე, რომ ეს საქმე მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია სისტემური პრობლემები, რომელიც სამართალდამცავ უწყებებში დგას.