ამ წუთებში პარლამენტს სახალხო დამცველი 2017 წლის ანგარიშს აცნობს. დოკუმენტი 2016-1017 წლებს მოიცავს და მასში ბოლო დროს გახმაურებული საქმეები მოხვდა. მათ შორის არის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, სადაც ომბუდსმენი პირველად იყენებს ტერმინს -სიცოცხლის დაცვის უფლება. ასევე ანგარიშში მოხვდა აფგან მუხთარლის საქმეც. გარდა ამისა დოკუმენტში საუბარია სისტემური პრობლემებზე, რომელიც სამართალდამცავ უწყებებში დგას.
ცალკე თავი სახალხო დამცველის ანგარიშში „რუსთავი ორის“ საქმესა ეთმობა. ომბუდსმენი საუბრობს იმაზე, რომ ეს საქმე მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა.
დოკუმენტს პირველი გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე ომბუდსმენის ანგარიშს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ კარგი იქნება თუ სახალხო დამცველის სიტყვას ფასი ექნება.
„სახალხო დამცველის ამ ანგარიშს და მათ მიერ გაწეულ მუშაობას ვაფასებ დადებითად. არ ყოფილა არც ერთი სფერო, სადაც ისინი არ ყოფილიყვნენ დროულად და ასევე მოწოდების სიმაღლეზე და იმედია, რომ დროთა განმავლობაში სახალხო დამცველის სიტყვას ექნება მეტი ფასი. ამისთვის საჭირო არის მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკური პარტიების, პირველ რიგში უმრავლესობის მხრიდან,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები ამბობენ, რომ ანგარიშში მოხვდა ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელზეც ოპოზიცია საუბრობდა. მათშორის არის ვანო მერაბიშვილის საქმეც, რომელიც სტრასბურგში ხელისუფლებამ ორჯერ წააგო.
„მუხთარლის საქმე, სადაც პირდაპირ ჩავარდნა არის ხელისუფლების, არის ასევე მაჩალიკაშვილის საქმე, სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებული. არის "რუსთავი 2"-თან მიმართებაში. არის ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში, როდესაც, მე-18 მუხლი არის დარღვეული და ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა და ერთ წელიწადში სტრასბურგში წააგო ორი სასამართლო. და ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა,“-განაცხადა სერგო რატიანმა.
მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ სახალხო დამცველი რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. ანრი ოხანაშვილის განცხადებით სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უზრუნველყოფილია, რომ ომბუდსმენმა საკუთარი უფლებამოსილება შეუზღუდავად განახორციელოს.
„სახალხო დამცველის რეკომენდაციები არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერების ინტერესი და მიზანი ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხორციელდება. ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ სახალხო დამცველს იმისთვის, რომ მან თავისი უფლებამოსილება განახორციელოს ძალიან სწორად და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. იმ რეკომენდაციები რაც სახალხო დამცველმა წარმოადგინა, ამ რაოდენობის რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტს თითქმის არ გაუზიარებია. ეს ნიშნავს იმას, რომ ინტერესი სახალხო დამცველის რეკომენდაციებისადმი პარლამენტის მხრიდან დიდია,“-განაცხადა ანდი ოხანაშვილმა.