ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრები ამ წუთებში გლდანის ციხეში იმყოფებიან. სამ-კაციანი ჯგუფი, წინასწარ პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანისა და თენგიზ კალანდიას გამოკითხვას გეგმავენ. კანონმდებლები საგამოძიებო იზოლატორში ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
გამოძიება სუბელიანს დანაშაულის შეუტყობინებლობას, კალანდიას კი დანაშაულის დაფარვას ედავება.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა ანრი ოხანაშვილმა, გლდანის ციხეში შესვლამდე განაცხადა, რომ მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას ყველა იმ კითხვას დაუსვამენ, რაც საზოგადოებაში არსებობს და დიდ ინტერესს იწვევს.
„ჩვენ დავსვამთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საზოგადოებაში გაჟღერდა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია - დაწყებული იქიდან, თუ რა განხორციელა თენგიზ კალანდიამ, კონკრეტულად და ჰქონდა თუ არა მას რაიმე საუბარი მირზა სუბელიანთან. რაც შეეხება მირზა სუბელიანს, მასთან დავსვამთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საზოგადოებაში გაჟღერდა. ხომ არ გამოიყენა მან რაიმე ფორმით მისი სამსახურებრივი მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ მან მალევე დატოვა თავისი თანამდებობა და ხომ არ ჰქონდა ვინმესთან მას კომუნიკაცია რაიმე ფორმით,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ მირზა სუბელიანთან ძალიან ბევრი და დეტალური კითხვები ექნებათ, მათ შორის ის, ხომ არ ყოფილა გამოყენებული მისი თანამდებობრივი მდგომარეობა იმისათვის, რომ გამოძიება არათანმიმდევრულად წარმართულიყო.
„შეკითხვების დიდი ნაწილი მიმართული იქნება ბატონი მირზა სუბელიანისადმი. რამდენად ერეოდა ის გამოძიებაში, რამდენად ხდებოდა გამოძიების წარმართვა ტენდენციურად, იმის გამო, რომ მისი ოჯახის წევრები იყვნენ მონაწილეები და ფიგურანტები ამ ტრაგიკული შემთხვევის,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ავტორი: თაკო სურგულაძე.