ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით ხანძრის შედეგად საბერძნეთში 6 ქართველი დაშავდა. ამ მონაცემებს "კურიერთან" საუბრისას ადასტურებს საქართველოს ელჩი. მისი თქმით, არცერთ მათგანს დახმარების მიზნით საელჩოსთვის არ მიუმართავს. რამდენი ქართველი იმყოფებოდა სტიქიის ზონაში ხანძრის დროს, ჯერჯერობით ეს ინფორმაცია საბერძნეთში საქართველოს დიპლომატიური უწყების წარმომადგენლობას არ აქვს.
"გარდაცვლილები არიან 80-ზე მეტი, მაგრამ არ შეუძლიათ აღმოჩენა ვინ არიან, რადგან მათი მდგომარეობა ძალიან ცუდია. დე ენ ემ-ით დაადგენენ, თუ ვინმე ქართველია არ იციან. ჯერჯერობით ვერც იტყვიან იმიტომ, რომ ჯერ არ აქვთ დამთავრებული ძებნა. დამწვარი სახლები არის 2300, ნანახი აქვთ მხოლოდ 500. ერთ ქალს ეძებენ ქართველს, იმიტომ რომ თვითონ იმ ქალმა დარეკა საქართველოში და უთქვამს რომ ვიწვებიო და გაითიშა,"-აცხადებს ქართველი ემიგრანტი ათენში, კესარია სამხარაძე.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთში იოსებ ნანობაშვილი კი აცხადებს, რომ ინფორმაცია შესაბამის უწყებებთან დღეში ორჯერ მოწმდება.
"იყო ერთი ზარი, რომელიც სავარაუდოდ არ უკავშირდება ხანძარს, ამ სპეციფიურ პიროვნებას ვეძებთ კონკრეტული მიმართულებით. ინფორმაცია მოწმდება დღეში ორჯერ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში არცერთი ქართველი არ ფიქსირდება, რომელიც შეიძლება იყოს გარდაცვლილი ან ჰოსპიტალიზირებული. 6-ს აქვს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, თუმცა ისინი მკურნალობას ადგილზე გადიან,"-აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთში იოსებ ნანობაშვილი.