აფგან მუხთარლის წერილობითი ჩვენება - აზრებაიჯანელმა ჟურნალისტმა საქართველოს პროკურატურას ბაქოს ციხიდან მოწერა. წერილში ის დეტალურად აღწერს როგორ და რა ვითარებაში გაიტაცეს ის თბილისის ცენტრიდან. ბრალდებული წერს, რომ მას ორი პირი დაესხა თავს, რომლებსაც მძღოლიც ეხმარებოდა. ისინი აფგან მუხთრალის ჩვენების მიხედვით მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბრალდებული ამტკიცებს, რომ თავდამსხმელებს კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ. ის დეტალურად აღწერს, როგორ ჩასვეს ის იძულებით მანქანაში და თავზე ტომარა ჩამოცმული საგარეჯოს მიმართულებით წაიყვანეს.
„უკნიდან მოსული ორი პირი თავს დამესხა. მძღოლიც მათ ეხმარებოდა და მცემდნენ. მათ ეცვათ კრიმინალური პოლიციის სპეციალური ფორმა. ძალით დამსვეს მანქანაში, რის შემდეგაც ავტომანქანა ქვემოთ ჩავიდა და მარცხნივ შებრუნდა. საბავშვო მოედანთან გააჩერეს და მანქანაში მცემდნენ. აეროპორტისკენ მისვლისას თავზე ტომარა ჩამომაცვეს. ტომარის ნახვრეტიდან გზას ვხედავდი. მანქანა საგარეჯოს მიმართულებით მოძრაობდა. მინდა ავღნიშნო, რომ ლაგოდეხში მოგზაურობისას იგივე გზა რამდენჯერმე გავიარე. ის პირები, რომლებმაც საქართველოში გამიტაცეს ქართველები იყვნენ. ტელეფონით ქართულად საუბრობდნენ. ჩემს გატაცებასთან პირდაპირ კავშირშია საქართველოს მთავრობა, კრიმინალური პოლიცია სასაზღვრო სამსახურის და ლაგოდეხის საბაჟო გამტარი პუნქტის უფროსი. რადგან ჩემი გატაცების შემდეგ, ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტის გავლის შემდეგ ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩამაბარეს აზერბაიჯანის მხარეს,“-წერს მუხთარლი.
საქართველოში აფგან მუხთარლის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს აფგან მუხთრალის ჩვენება ქართულ ენაზე ითარგმნა და ის ნოტარიულად არის დამოწმებული.
„ყოველ ჯერზე ჩვენ პროკურატურის და გამოძიების მხრიდან გვესმოდა არგუმენტად საქმის არ გამოძიების ის, რომ გამომძიებლებს არ ეძლეოდათ მუხთარლის დაკითხვის შესაძლებლობა და ეს სახელდებოდა გამოძიების დამაბრკოლებელ გარემოებად. იმისთვის, რომ ჩვენ ყველანაირად ხელი შეგვეწყო გამოძიებისათვის, ჩემი თხოვნით აზერბაიჯანელმა ადვოკატმა აფგანს დააწერინა ის ჩვენებამ რაც მას შეეძლო მიეცა ქართული გამოძიებისათვის. ეს ჩვენება ჩვენ დაახლოებით თვის დასაწყისში უკვე გადმოგვეგზავნა, შემდგომ დრო დასჭირდა მის თარგმნას ქართულად. ნოტარიულად დამოწმდა თარგმანი და წარვადგინეთ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში იმ მიზნით, რომ გამოძიებას ხელი არ შეშლოდა. აღნიშნულ ჩვენებაში აფგან მუხთარლი ჰყვება დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც მის მიმართ განხორციელდა,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარემ, არჩილ ჩოფიკაშვილმა.