იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლოების საკომუნიკაციო სტრატეგიაზე იწყებს მსჯელობას. შესაბამის დოკუმენტს დღეს საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. სტრატეგიის მიზანი კი სასამართლოს სისტემის მიმართ საზოგადობის ნდობის ამაღლებაა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი აღნიშნავს, რომ საბჭომ ევროკავშირის მხარდაჭერით შეიმუშავა საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგია. დიმიტრი გვრიტიშვილი ნდობის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, აუცილებელია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მონოლოგის რეჟიმიდან დიალოგის რეჟიმზე გადავიდეს.
„რეკომენდირებულია, სასამართლო სისტემა მონოლოგის რეჟიმიდან გადავიდეს მუდმივი დიალოგის რეჟიმში. ანუ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან იგივე ჟურნალისტებთან ვიმყოფებოდეთ არა მონოლოგის, არამედ დიალოგის რეჟიმში, დისკუსიები გაიმართოს,“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
სტრატეგიის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. ის კომუნიკაციის კუთხით არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.
„ამაზე მუშაობა დაიწყო დიდი ხნის წინ, დღეისთვის უკვე საბჭოზე ეს საკითხი იქნება დეტალურად იქნება განხილული. თუმცა, იმ საკითხებზე, რომელიც შეეხება გარკვეულ დეტალებს, რომელიც ეხება, მაგალითად, სასამართლოების კომუნიკაციას საზოგადოებასთან და სპიკერი მოსამართლეების ინსტიტუტის გაძლიერებას, ამაზე დეტალური მსჯელობა იქნება სხდომაზე,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.