ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სკანდალურ განცხადებას, რომ კონკრეტული პირები საქართველოს პატრიარქს საპატრიარქო ტახტის დატოვებას, სახლში წასვლასა და დასვენებას ურჩევდნენ, საპატრიარქო ეხმაურება.
საპატრიარქომ მეუფე გრიგოლის განცხადების საპასუხო განცხადება 6 დღის შემდეგ, საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მეუფე გრიგოლის ინტერვიუ „რუსთავი2“-მა განავრცო და საერო პირების მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებები გააჟღერა.
განცხადების ავტორები ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრის მიზანი, მეუფე შიო მუჯირის ავტორიტეტის შელახვა და მისი პრორუსულ ძალად წარმოჩენა იყო.
„როგორც ცნობილია, ა.წ. 23 ივლისს ,,ტვ პირველის” ეთერში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) გამოსვლამ დატოვა კითხვები, რასაც შემდეგ ,,რუსთავი 2-მა” სამი გადაცემა მიუძღვნა, თემა ,,განავითარა” და არაერთი საერო პირისადმი გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებები გააჟღერა.
ვფიქრობთ, ყოველივე ამის მიზანი იყო, ჩრდილი მიეყენებინათ მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიმართ საზოგადოებაში არსებული დადებითი განწყობისადმი და, სხვა მიზეზი რომ ვერ მოძებნეს, მოინდომეს მისი პრორუსულ ძალად წარმოჩენა, რომელიც, თურმე, კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ მისმა უწმინდესობამ იძულებით გამოარჩია (მიანიშნებენ რუსულ ჩარევაზე) და ასევე იძულებით, დაჩქარებული წესით, უნდა მომხდარიყო პატრიარქად მისი გახდომა.
ამ იდეების გამავრცელებლებმა სინამდვილეში თვითონაც კარგად იციან კათოლიკოს-პატრიარქის ხასიათი, რომ ვინმეს ზეწოლით იგი არასდროს მოქმედებს და გამორიცხულია მისი იძულება, მით უმეტეს ეკლესიისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით; რა თქმა უნდა, იგივე ითქმის მოსაყდრესთან მიმართებაშიც.
ხოლო თუ კი წამოჭრილ თემასთან დაკავშირებით კითხვები მაინც ვინმეს აქვს, უნდა მიმართონ მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილი), რადგან, როგორც ჩანს, რეალურად სხვამ არავინ იცის, რას და ვის გულისხმობდა იგი,”-ნათქვამია განცხადებაში.