იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შერჩევის ახალი, ღია კონკურსი გამოაცხადა. სხვადასხვა სასამართლოებში, ამ დროისთვის, სულ 43 ვაკანსიაა გამოცხადებული მოსამართლის თანამდებობაზე.
მსურველებს განაცხადების შეტანა საბჭოში 6 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.
ეს კონკურსი არ ეხება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს და მოსამართლეების დანიშვნა პირველადი წესით მოხდება.
საბჭოს წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება დაგვიანებულია.
„ჩვენ მივიღებთ შედეგს, ესეთი დაგვიანებული გამოცხადების გამო, რომ დაახლოებით 9-10 თვიანი ლოდინის შემდეგ, შეიძლება რომ შესაბამისი შტატები შეივსოს, ამიტომ პრობლემა გახლავთ ის, რომ დროულად არ ცხადდება კონკურსები და დროულად არ ხდება შტატების შევსება, რა თქმა უნდა, ეს აისახება საქმეთა გაჭიანურებაზე და ბუნებრივია, საბოლოოდ გავლენას ახდენს სამართალწარმოების პროცესის ვადებზე და ხანგრძლივობაზე,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.
საბჭოს წევრების მოსაზრებას, დაგვიანების შესახებ, გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომლისთვისაც შენიშვნები მიუღებელია.
„ჩვენ, ერთი წუთითაც არ შეგვიჩერებია მუშაობა ამ პერიოდის განმავლობაში. ასეთ შენიშვნებს მე არ ვიღებ, რომ აქამდე რატომ არ გადაწყდა ეს საკითხი და ა.შ. როდესაც შესაძლებელია, ყველაფერს ვაკეთებთ ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.