17 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
"კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში"-დავით სერგეენკო

სასულიერო პირების კრიტიკას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მარიხუანას ლეგალიზებას ეხება „ქართული ოცნების“ წევრები ეთანხმებიან. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ის ამ გადაწყვეტილებით გაკვირვებულია.

„ჩემდა გასაოცრად საკონსტიტუციო სასამართლოს აღმოაჩნდა  უფრო მაღალი ექსპერტიზა ამ დარგის, ვიდრე ამ დარგის ექსპერტებს საკუთრივ, რომლებსაც დღესაც არ აქვთ შეჯერებული პოზიცია და მიმდინარეობს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსია. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო. მე არ მაქვს უფლება რომ დავიწყო კრიტიკა. თუმცა ჩემი პოზიცია არის ის, რომ კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში, მასწავლებელი ან ავიადისპეჩერი,“-განაცხადა დავით სერგეენკომ.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხად პარლამენტი საკონსტიტუციო უმრავლესობას გამოიყენებს. მირიან წიკლაურის განცხადებით ცვლილებები კანონში შევა, რომელიც დაარეგულირებს მარიხუანას მოხმარების წესებს.

პატრიარქის თანამოსაყდრის თანაშემწის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება სასულიერო პირების ნაწილმა მოითხოვა. ისინი ასევე იმ მოსამართლეებისგან ვინც მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა ბოდიშის მოხდას ითხოვენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები