რუსეთ-საქართველოს ომის გმირს, 34 წლის რუსლან გოგოლაძეს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს.
სამხედროს განცხადებით, მას დახმარება 2016 წელს შეუწყვიტეს, მიზეზად კი ელექტროენერგიის მაღალი საფასურის ყოველთვიური გადახდა დასახელდა.
რუსლან გოგოლაძე ოზურგეთში, ბებიას სახლში ცხოვრობს და ბოლო 4 წელია სავარძელს არის მიჯაჭვული, ჯანდაცვის სამინისტრო კი რეაბილიტაციის კურსის დაფინანსებაზე უარს ეუბნება. ოჯახი 180 ლარიან სახელწიფო პენსიას იღებს, რაც საკვებზეც არ ყოფნით.
რუსლან გოგოლაძის შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობარმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდნენ ქართველ მებრძოლთან სოც მუშაკები, თუმცა განმარტება არ გაუკეთებიათ. მოგვიანებით სააგენტომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოჯახი სარგებლობს პენსიით და სოციალური პაკეტით და მათი მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 12500 ლარით დაფინანსდა. ახლა კი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესწავლა ახალი მეთოდოლოგიით მოხდება.
რუსლან გოგოლაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაპირებებს დახმარების შესახებ ისმენდა, თუმცა ჯერჯერობით არაფრით დახმარებიან.
„საშუალება არ არის და მთავრობა კიდე... რამდენჯერ შევახსენე, შარშან ერთი წლის უკანაც შევახსენე მთავრობას და კიო დაპირებები იყო და გაგიშვებთო რეაბილიტაციებზეო, მაგრამ ერთი წელი გავიდა და მაინც არ გამიშვეს. ჯანდაცვის სამინისტრომ მომწერა წერილი, რომ მოკლებული ვართო შესაძლებლობასო, რომ დაგაფინანსოთო. უარი მითხრა თბილისის სოციალურმა სამსახურმა, გადასახადიო წლიდან წლამდეო მაღალი ფიქსირდებაო, გადახდილიო მაღალი გაქვსო და მაგიტომ ვერაო,“- აცხადებს რუსლან გოგოლაძე.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ქართველი მებრძოლი რამდენიმე მიმართულებით იღებს დახმარებას და აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით საყურადღებოა.
„რამოდენიმე მიმართულებით იღებს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პენსიას, ასევე საყოველთაოში მონაწილეობს, რა თქმა უნდა რამოდენიმე რეაბილიტაციის კურსი გაიარა და თან ვეტერანთა დეპარტამენტის მნიშვნელოვანი ყურადღების ქვეშ არის,“- აცხადებს დავით სერგეენკო.