17 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
საუკუნის საქმე - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები პრეზიდენტს მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნით მიმართავენ

საუკუნის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის ადვოკატები, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავენ. დეკანოზ გიორგი მამალაძის სამართლებრივი სტატუსის შესაცვლელად, მისი ადვოკატები ქვეყნის შიგნით ბოლო შესაძლებლობას იყენებენ.

ისინი საქართველოს პრეზიდენტს პატრიარქის მდივან-რეფერატის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში მსჯავრდებული მღვდლის შეწყალებას, უკვე მეორედ სთხოვენ.

არგუმენტები და საქმის მასალები სასულიერო პირის ადვოკატებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩააბარეს. უფლებადამცველებს იმედი აქვთ, რომ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და დეკანოზ მამალაძეს უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლებს.

დეკანოზ მამალაძის იურისტები ამტკიცებენ, რომ მღვდელი პოლიტიკური პატიმარია.

დეკანოზ მამალაძის უფლებადამცველების განცხადებას სხვადასხვა პროცედურის გავლა, როგორც ჩანს, მაინც მოუწევს. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ისინი ჯერ თავად სასულიერო პირის წერილობით დასტურს ელოდებიან, რის შემდეგაც მოთხოვნის განხილვა კომისიის უახლოეს სხდომაზე მოხდება.

დეკანოზ მამალაძის ადვოკატებმა პრეზიდენტს სასულიერო პირის შეწყალება განმეორებით მას შემდეგ სთხოვეს, რაც ცნობილი გახდა რომ უზენაესმა სასამართლომ მათი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. ქვეყნის ბოლო სასამართლო ინსტანციამ მკვლელობის ორგანიზებაში მსჯავრდებული სასულიერო პირის საქმის განხილვაზე უარი თქვა.

1 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება ადვოკატებს უკვე ჩაბარდათ. დოკუმენტით ცნობილი ხდება რომ გიორგი მამალაძის სარჩელის დაუშვებლად ცნობის გადაწყვეტილება, ორ სხვა მოსამართლესთან ერთად, უზენაესი სასამართლო ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ მიიღო.

დეკანოზ მამალაძის ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ უზენაესის სასამართლოს მოსამართლეები საქმის მასალებს არ გაცნობიან და მათი სარჩელი დაუშვებლად, ზეწოლის გამო ცნეს.

პირველი და მეორე ინსტანციის განაჩენები უზენაეს სასამართლოს ეჭვქვეშ დაყენებული არ აქვს. უმაღლესი სასამართლო ინსტანციის მოსამართლეები კოლეგების არგუმენტაციას სრულად იზიარებენ. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებზე დაყრდნობით წერენ, რომ დეკანოზმა მამალაძემ დანაშაულის ჩასადენად პირობები თავად შექმნა.

თითქმის უტყუარად მიაჩნიათ, რომ დეკანოზ მამალაძეს ციანიდი ჰქონდა, თუმცა იქვე უთითებენ, რომ ნივთიერების ყიდვის ფაქტი დაუდგენელია.

უზენაესი სასამართლო არ იზიარებს დეკანოზ მამალაძის არგუმენტს, რომ მომაკვდინებელი შხამი სასულიერო პირს ჩაუდეს.

უზენაესი სასამართლო ბოლო ინსტანციაა, რომლის პასუხსაც სასულიერო პირი და მისი ადვოკატები საქართველოში ელოდნენ. დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მსჯელობა სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდება.

დღის ამბები