მეუფე იაკობი აგონიურ მდგომარეობაშია, რომელიც გიორგი მამალაძის საქმის სტრასბურგისთვის მომზადებას უკავშირდება, - ამ განცხადებით, მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატები მეუფე იაკობის მიერ ქადაგებისას გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან.
გუშინ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მამა გიორგი მამალაძე „ავაზაკად“ და „დაჯგუფების წევრად“ მოიხსენია.
დეკანოზის უფლებადამცველები აბსურდულს უწოდებენ მეუფის ბრალდებებს და მაღალი რანგის სასულიერო პირს ცილისწამებაში ადანაშაულებენ.
მათი თქმით, მეუფის მტკიცება, თითქოს, გიორგი მამალაძე რუსეთში მსახურობდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„მან კარგად იცის, რომ სტრასბურგის სასამართლოში საკუთარი წვლილი ე.წ. ციანიდის საქმეში არ დაიმალება და აქედან გამომდინარე არის გამოწვეული მისი აგონიური მდგომარეობა. რუსეთის საპატრიარქოს იურისდიქციაში კი არ მსახურობდა, საქართველოს საპატრიარქოს მიერ იყო წარდგენილი უკრაინაში, ქართველ ემიგრანტებთან, ჩაეტარებინა წირვა-ლოცვები,“ - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აღნიშნავს, რომ თუ ამდენი წელი იცოდნენ ვითომ, რუსეთში მსახურებაზე და გამოდევნაზე, რატომ დუმდნენ და რატომ მიიღო მაშინ დეკანოზი საპატრიარქომ.