მეუფე იაკობის საკვირაო ქადაგებას , სადაც მან დეკანოზი გიორგი მამალაძე "ავაზაკად" მოიხსენია, დეკანოზის ადვოკატები ეხმაურებიან და ცილისწამებას უწოდებენ.
დეკანოზის ადვოკატები მეუფე იაკობის განცხადებას სტრასბურგში მოახლოებულ პროცესს უკავშირებენ.
ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, დეკანოზს დიდი ალბათობით, პრეზიდენტი შეიწყალებს და სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მამა გიორგი მამალაძე ძალიან ბევრ დეტალზე ისაუბრებს, მათ შორის, მეუფე იაკობის გუნდის „ღვაწლზე“.
„მეუფე იაკობმა ორი ჩვენება მისცა, ერთი გამოძიებას და მეორე სასამართლოს, თუ რაიმე სათქმელი ჰქონდა მას აქამდე რატომ არ თქვა. დამალა სასამართლოსა და გამოძიებაში? ისმის კითხვა. მეორე, შესაბამისად, რეალურად, მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა და აქედან გამომდინარე, ეს არის არასერიოზული, აგონიური განცხადება,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
მეუფე იაკობის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც დეკანოზ მამალაძის უკან დაჯგუფება დგას და აღნიშნული ჯგუფი მამა კახაბერ გოგოტიშვილის დაშანტაჟებას ცდილობდა, დეკანოზის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილიც ეხმაურება.
მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მამა კახაბერს შეხვდა და ის ახლა მოუწოდებს სასულიერო პირს, რომ აღიაროს შეიცავდა თუ არა საუბარი მუქარას.
„წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო და შეუძლია იაკობმა მეუფეებიც ნახოს, მეუფეებსაც დაელაპარაკოს, ერთ-ერთი არის მეუფე ანდრიას, რომელთანაც მქონდა კონტაქტი, დიახ, მქონდა მამა კახაბერთან მე ურთიერთობა, დიახ, მე მამა კახაბერს ვესაუბრებოდი. ეყოს ვაჟკაცობა ახლა მამა კახაბერს, გამობრძანდეს და თქვას, რა საკითხებზე ველაპარაკებოდი, რა შანტაჟზე იყო, ყუ იყო, საერთოდ საუბარი,“ - განაცხადა რამიშვილმა.
ადვოკატი ასევე, აბსურდულად მიიჩნევს მეუფე იაკობის განცხადებას, თითქოს დეკანოზის საქმეში ბიზნესი ფიგურირებს.
„არანაირი ბიზნესი საქმეში არ არსებობს და თუ გავითვალისწინებთ, რომ მეუფე იაკობს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს სუს-ის მაღალჩინოსნებთან, ის თავისუფლად შეძლებდა, ეს ინფორმაცია მიეტანა სუს-ში მაღალჩინოსნებთან და აბსოლუტურად სხვანაირი რაკურსით წასულიყო გამოძიება,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მეუფემ საკვირაო ქადაგებაში მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატები და მხარდამჭერები კიდევ ერთხელ გააფრთხილა და თავად მამა გიორგი მამალაძე "ავაზაკად" და "დაჯგუფების წევრად მოიხსენია".