დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომა კახა კალაძემ, ტაქსების რეგისტრაციის საკითხით დაიწყო. თბილისის მერის თქმით, ორი კვირის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მხრიდან, უკვე გაცემულია 200-ზე მეტი ნებართვა.
მერის თქმით, 21 აგვისტოდან, ლიცენზიების გაცემის პროცესში იუსტიციის სახლიც ჩაერთვება.
„ამ ეტაპისთვის 200-ზე მეტი ლიცენზიაა გაცემული და შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად მიიღო ლიცენზია. ასევე, შესაძლებელია, ათივე გამგეობაში მოხდეს ეს მომსახურება და 21 აგვისტოდან ამას ემატება იუსტიციის სახლი. კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივეცით ადამიანებს, იმიტომ რომ პირველი ოქტომბრიდან, ვისაც არ ექნება ლიცენზია, შეუძლებელია მან ეს სერვისი განახორციელოს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ლიცენზიების აღებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ.
„ჩვენ თანამოქალაქეებს უფრო ბევრ ადგილას შეეძლებათ მარტივად გაიარონ რეგისტრაცია და აიღონ ტაქსის ნებართვა,“ - აღნიშნა მაია ბითაძემ.
ახალი რეგულაციები ძალაში პირველი ოქტომბრიდან შევა. ყველა ტაქსის მძღოლი, ვისაც არ ექნება შესაბამისი ლიცენზია, დაჯარიმდება.