17 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
200-300 დოლარის გადახდის საფასურად აჩქარებდნენ - მოქალაქეები რუსეთის ინტერესების სექციასთან არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ 

ვიზებთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის შემდეგ თბილისში რუსეთის სავიზო მომსახურების ცენტრი იხსნება. რუსული ვიზის მიღების მსურველებს ცენტრი დღეიდან მოემსახურება.

სავიზო ცენტრში მისული მოსახლეობა აცხადებს, რომ რუსეთის ინტერესების სექციასთან ფულის გადახდის საშუალებით ხდებოდა რიგში ჩადგომა და შემდეგ საბუთების ჩაბარებაც.

„200-300 დოლარის გადახდის საფასურად აჩქარებდნენ, გვითხრეს რომ გამოსწორდებოდა, უფრო მეტი ფანჯარა იქნებოდა და უფრო ადვილად ჩავაბარებდით საბუთებს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ვიზიტორმა.

რუსეთის ინტერესების სექციასთან არსებულ განუკითხაობაზე საუბრობს ერთ-ერთი მოქალაქე და აცხადებს, რომ იქ სრული ქაოსია და იმედოვნებს, სავიზო ცენტი სიტუაციის დარეგულირებას შეძლებს.

„9 რიცხვში ვიყავი ჩაწერილი, მივედი და კინაღამ გამლახეს, იმდენი ხალხი არის, იქ არის საგიჟეთი,“ - განაცხადა ვიზის მიღების მსურველმა.

სავიზო ცენტრი ბესიკის ქუჩის 4 ნომერში მდებარეობს და მომსახურების ღირებულება 30 დოლარია.

ცენტრის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ საჯარო პრინციპი იმოქმედებს და მოქალაქეებს ისინი ყოველ სამუშაო დღეს მიიღებენ.

პროცედურის მიხედვით მოქალაქეებმა რუსეთის სავიზო ცენტრში უნდა შემიტანონ დოკუმენტაცია. ცენტრი ამ დოკუმენტაციას ორი დღის განმავლობაში განიხილავს და გადააგზავნის რუსეთის ინტერესების სექციაში. აქ კი 7 დღის განმავლობაში მიიღებენ გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის შესახებ.

ცენტრში 16 ფანჯარა იქნება, რის მეშვეობითაც იმედოვნებენ, რომ დაჩქარდება და გამარტივდება ვიზების გაფორმების პროცედურა, ასევე შეიქმნება განმცხადებლებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები.

„შაბათის კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ, სადაც კორუფციული სქემა იყო მხილებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები