კახეთში სეტყვისგან დაზარალებული გლეხები დახმარებას ითხოვენ და საპროტესტო აქციას განაგრძობენ. მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა საგანგებო შტაბის შეთავაზება. უკმაყოფილო გლეხებმა ცოტა ხნის წინ საავტომობილო გზის გადაკეტვაც სცადეს.
დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას, შხამ-ქიმიკატების შეძენაში დახმარებას და საბანკო კრედიტების გადახდის გადავადებას ითხვენ.
შტაბის წარმომადგენლებმა, რომლის საქმიანობაშიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრიცაა ჩართული, მოსახლეობას განუცხადეს, რომ ფინანსური კომპენსაციები არ გაიცემა და ფულად ანაზღაურებას მხოლოდ ის გლეხები მიიღებენ, რომლებსაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდათ.
შტაბის წევრები გლეხებს სთავაზობენ დაზიანებული ყურძნის რეალიზებაში დახმარებას და ბანკებთან შუამავლობას, სესხების გადავადების თაობაზე.
დაზარალებულები ამბობენ, რომ სტიქიის დროს სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი არ ჩართულა.
„არ გავჩერდებით. ვითხოვთ იმას, რომ ამ კახელ ხალხს რაღაც გვეშველოს. სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებში მილიონობით ფული რომ იყრება, თუკი არ მუშაობს, რისთვის იხდიან ამ თანხებს,“- აცხადებენ კახელები.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში გუშინ მოსულმა სეტყვამ მოსავალი მთლიანად გაანადგურა. სტიქიამ სახლებს სახურავები გადახადა, სოფელ მატანში კი საცხოვრბელი სახლის ნაწილის ჩამოინგრა. მცხოვრებლების თქმით, სახლი ავარიულია და ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.