პრეზიდენტის წინადადება, რომელმაც კონსულტაციები ჩიხში შეიყვანა - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად დაწყებული მოლაპარაკებები პრაქტიკულად ჩაიშალა.
ნინო გვენეტაძის შემცვლელის დასახელების ვადის ამოწურვამდე დაახლოებით ორი კვირა რჩება, თუმცა კონკრეტული კანდიდატურაც და პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც - წარადგენს თუ არა ახალ თავმჯდომარეობის კანდიდატს ისევ უცნობია, ასევე უცნობია, განახლდება თუ არა მესამე სექტორის და პრეზიდენტის მოლაპარაკებები.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე და მესამე სექტორის სხვა წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.
„ჩემთვის ცოტა უცნაური იყო ის გარემოება, რომ პრეზიდენტის მხრიდან მხოლოდ ერთი კონკრეტული ფორმა იყო შემოთავაზებული და პრაქტიკულად იქ არ იყო შესაძლებელი, რომ ალტერნატიულ ვარიანტებზე ყოფილიყო მსჯელობა.
რა ფორმითაც არ უნდა მომხდარიყო, ეს იქნებოდა კონკურსის თუ ღია, დიდი ჩართულობის პროცესის გათვალისწინებით, თუ ისე როგორც ეს კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი ასახელებს თავმჯდომარეობის კანდიდატს თუ სხვა რაიმე ფორმაზე იქნება მსჯელობა, ერთი რამ ცხადია, პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს ეს უფლებამოსილება და კანდიდატი აუცილებლად წარადგინოს პარლამენტში“- აცხადებს სულხან სალაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც გუშინ პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ თუკი პრეზიდენტი წარადგენს სავარაუდო კანდიდატების სიას, რეკომენდაციები მისცენ მას. თუმცა სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია პროცესზე სრული პასუხისმგებლობა თავად აიღონ.
გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სთხოვა, თავად წარმოედგინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, რომელსაც მოგვიანებით პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენდა, თუმცა ამ წინადადებას შეხვედრის მონაწილეების ნაწილი კატეგორიულად არ ეთანხმება.