22 დეკემბერი 2024,   15:36
ვრცლად
„პოლიტიკური უტიფრობაა, როდესაც ხელისუფლება არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს“-„ევროპული საქართველოს“ წევრები ზაზა სარალიძის აქციაზე მივიდნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მივიდნენ. ისინი ამ ფორმით ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებენ. როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, ხელისუფების მხრიდან არის უტიფრობა, როდესაც კომისიამ მიაწოდა ინფორმაცია კონკრეტული პირების შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

„ყველა დღე, როდესაც ხელისუფლება არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორც დამნაშავეების დასჯის თვალსაზრისით ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული და იმათი დასჯის თვალსაზრისით ვინც შემდეგ ხელი დააფარა დამნაშავეებს, ასმაგად ამძიმებს დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობას. ეს პასუხისმგებლობა უკვე არსებობს, მაგრამ ყველა დღე როცა ამის  გაჭიანურებას ეცდებიან ისინი, არის დამამძიმებელი მათი პერსონალური პოლიტიკური პასუხისმგებლობის  და არის ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. ცნობილი არის კონკრეტული პირი, რომლის მიმართაც არსებობს მტკიცებულებები რათა მას ბრალი წაეყენოს ამ მკვლელობაში მონაწილეობის თვალსაზრისით. არიან ცნობილი პირები,  რომელთა ქმედებაშიც არის პირდაპირი დანაშაულის ნიშნები, რომ ხელს აფარებენ ამ დამნაშავეს, ამ ეჭვმიტანილს. ამიტომ ახლა როცა კიდევ  გადის დრო და ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნაბიჯებს ხელისუფლების მხრიდან ეს არის პოლიტიკური უტიფრობა,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას სერგი კაპანაძეც.

„ეს არის სერიოზული პრობლემა, როდესაც ცნობილი არის ვინ არის ხელის დამფარებელი და ხელისუფლება ამ საქმეს არ იძიებს და იმ ადამიანებს არ სჯის. ეს ისედაც ყველამ იცის რა ხდება, მაგრამ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში  კიდევ უფრო ნათელი გახდა. კონკრეტული პირების იდენტიფიცირება  მოვახდინეთ ჩვენ სამ თვიანი მუშაობის შემდეგ და ახლა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაადგას ნაბიჯები, რომ ეს ხალხი დაისაჯოს,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რუსთაველის გამზირზე სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით შვილმკვდარი მამები აქციას მართავენ. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და დღეიდან უვადო შიმშილობა დაიწყეს. გარდა ამისა, შვილმოკლული მამები მთავრობას 24 საათიან ვადას აძლევენ იმისთვის, რომ გადადგეს. 

დღის ამბები