17 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
"ორკესტრირებული შეტევა TBC ბანკის და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ" - ოპოზიცია TBC ბანკის საქმეზე საუბრობს 

ხელისუფლების ოპონენტები TBC ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესებს ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულ შეტევად აფასებენ. ოპოზიციის წევრების თქმით, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ერთობლივად აწარმოებს შეტევას მამუკა ხაზარაძის და ბანკის წინააღმდეგ.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის განცხადებით, ეჭვებს იწვევს ეროვნული ბანკის და პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯებიც.

„ჩვენ დავინახეთ ძალიან ორკესტრირებული შეტევა თიბისი ბანკის და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. შეტევა, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განცხადებებით, შემდეგ ამ პოლიტიკურ განცხადებებს მოჰყვა მთელი სახელმწიფო მანქანის ამუშავება და მთელი სახელმწიფო მანქანა, ეროვნულ ბანკი, მთავრობა, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, პროკურატურა, ყველა კოორდინირებულად ჩაერთო ამ საქმეში ხაზარაძის და თიბისის წინააღმდეგ. დამატებით ეჭვებს აღძრავს ისიც, თუ რის საფუძველზე იქნა არჩეული 11 წლის წინანდელი ერთი კონკრეტული ოპერაცია, მაშინ როდესაც დღეს გარშემო მიმდინარე უკანონობაზე სახელმწიფო არანაირ რეაგირებას არ ახდენს. დამატებით ეჭვებს აღძრავს ასევე კონკრეტული მოთამაშეების, მაგალითად პროკურატურის და ეროვნული ბანკის მოქმედებები და ნაბიჯები თიბისი ბანკის წინააღმდეგ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

TBC ბანკის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე.

„ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, ანაკლიის პროექტის დროულად განხორციელებას დაესვა ძალიან დიდი კითხვის ნიშანი,“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ამ წუთებში პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. კანონმდებლები ინფორმაციას "თიბისი" ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ბანკის დამფუძნებლებისგან მოისმენენ. 

დღევანდელ სხდომას მიუხედავად გუშინ გაკეთებული განცხადებისა ესწრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 

დღის ამბები