სკანდალური განცხადებები საპარლამენტო ტრიბუნიდან - მამუკა ხაზარაძეს დღეს პარლამენტში 4 საათი უსმენდნენ. თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ხელისუფლების უპრეცედენტო ზეწოლაზე ისაუბრა. ბიზნესმენი ამტკიცებდა, რომ 27 წლის განმავლობაში ასეთი რამ არ ახსოვს, როდესაც იძულებული გახადეს, მისი დაფუძნებული ბანკიდან საკუთარი ფეხით წასულიყო.
ყველაფერი თავდაყირა სხდომის დაწყებისთანავე დადგა, როდესაც მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას ბიზნესის განადგურებით შს მინისტრი ემუქრებოდა და მას ამის დამადასტურებელი წერილიც აქვს, რომელიც სწორედ გიორგი გახარიასგან მიიღო.
გახარიას გვარის დასახელებამ მმართველი პარტიის დეპუტატები დააბნია, ისინი ხაზარაძისგან მეტი დამაჯერებლობისთვის მუქარის წერილში მოყვანილი ფაქტების დასახლებას ითხოვდნენ, ბოლოს ხაზარაძემ სხდომაზე კიდევ ერთი კარტი გახსნა და თქვა, რომ ხელისუფლების ზეწოლის შესახებ, გამოკითხვის დროს პროკურორებსაც უთხრა, თუმცა მათ ერთი კითხვაც კი არ დაუსვეს.
შს მინისტრი მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს უარყოფს. გიორგი გახარია ამბობს, რომ მას TBC ბანკის საქმეზე მამუკა ხაზარაძესთან კონტაქტი არ ჰქონია.
გიორგი გახარაია დღეს მამუკა ხაზარაძის ბრალდების მთავრი ობიექტი იყო. პირველად თიბისის დამფუძნებელმა თქვა, რომ ხუთი თვის წინ ბანკზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. სისტემა პარალიზებისგან და ანგარიშები გაძარცვისგან ბანკის აიტისამსახურმა გადაარჩინა, მაშინ მათ დაადგინეს, რომ კიბერ შეტევა თიბისი ბანკზე თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე მდებარე ოფისიდან განხორციელდა. კონკრეტული მტკიცებულებები მათ შს სამინისტროს მიაწოდეს, თუმცა გახარიამ ყველაზე მსხვილ ქართუ ბანკზე თავდასხმა არ გამოიძია.