უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის გაცნობას ირაკლი კობახიძე დღეს დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის აპირებს, თუმცა შეხვედრას არ დაესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მათ კრიტიკულ მოსაზრებებს არ ითვალისწინებს და კლანურ მმართველობას ხელს უწყობს.
კოალიციაში ”დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” შემავალი ორგანიზაციები განმარტავენ, რომ არის 5 პრინციპული საკითხი, რომელსაც ირაკლი კობახიძე არ ეთანხმება. მათ შორისაა ინტერესთა კონფლიქტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების მეთოდი და მოსამართლეთა შერჩევის წესი.
„იმ თამაშში მონაწილეობის მიღება,რომელიც არ აზღვევს ამ პროცესს და არ ქმნის გარანტიებს, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია იყოს კვალიფიციური და გამორიცხავდეს იქ გარკვეული კატეგორიის ადამიანების მოხვედრას, ბუნებრივია ასეთ პროცესში მონაწილეობა ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ,“-აცხადებს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე.
გიორგი მშვენიერაძე კი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე თავად იქცა ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის ლობისტად.