"დარწმუნებული ვართ, საქართველოს ეკლესია იქნება იმ ეკლესიებს შორის, რომლებიც აღიარებენ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილებას," - ეს განცხადება უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის საგარეო საკითხთა სამსახურის წარმომადგენელმა ევროპარლამენტში გააკეთა.
ევსტრატი ამბობს, რომ დარწმუნებულია, საქართველო გადალახავს იმ სირთულეებს, რომელიც დღეს მის წინაშე არსებობს და აღიარებს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას.
„დარწმუნებული ვართ, რომ არც ისე შორეულ მომავალში საქართველოს ეკლესია იქნება იმ ეკლესიებს შორის, რომლებიც აღიარებენ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას. მიზეზი მარტივია, საქართველოს ეკლესიამ თავად გაიარა ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ. მას უკეთ ესმის სხვისი ტკივილი. ჩვენ გვესმის ის პრობლემები და გამოწვევები, რაც ხელს უშლის საქართველოს, დღეს ან ხვალ მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, საქართველოს ეკლესია გადალახავს ამ გამოწვევებს და ჩვენს ეკლესიებს შორის ისეთივე ძმური ურთიერთობა ჩამოყალიბდება, როგორიც უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის არსებობს,“ - განაცხადა უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის საგარეო საკითხთა სამსახურის წარმომადგენელმა.