TBC ბანკის საქმე - არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 11 კითხვაზე ითხოვს პასუხს.
ორგანიზაციის შეფასებით, საქმეში ბევრი საეჭვო გარემოება იკვეთება. მათ შორის რატომ დაიწყო ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა TBC ბანკის 2008 წლის ტრანზაქციის შესწავლა და რატომ არ დაინტერესდა პროკურატურა მამუკა ხაზარაძის პარლამენტში გაკეთებული განცხადებით, როდესაც მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი მოადგილე სავარაუდო ზეწოლაში დაადანაშაულა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ მიაჩნიათ, რომ კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი საჯარო განცხადების შემდეგ, პროკურატურა ვალდებული იყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაეწყო.
„ჩვენი აზრით საზოგადოებასაც აქვს ეს კითხვები, რომელზეც ჩვენ არ მიგვიღია პასუხი ან პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი. პირველ რიგში რატომ დაიწყო ეს ყველაფერი 10 წლის თავზე, რატომ იყო, რომ პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ მოჰყვა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებას. რატომ არ დაიწყო გამოძიება იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც დასვა ბატონმა ხაზარაძემ, პარლამენტში მოსმენისას,“-აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ონიანი.