17 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
მცხეთის გენგეგმის ტენდერი დასრულებულია - გამარჯვებული ამხანაგობა "აქოლისი" გახდა

მცხეთის გენგეგმის ტენდერი დასრულებულია. გამარჯვებული ერთ-ერთი ამხანაგობა გახდა, რომელიც 8 საპროექტო ორგანიზაციისგან შედგება.

ამხანაგობამ მცხეთის განვითარების პროექტი წლის ბოლომდე უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც ქალაქში მშენებლობის პროცესი განახლდება. ნებისმიერი ტიპის მშენებლობა, მათ შორის კერძო საკუთრების შემთხვევაშიც 2015 წლიდან მცხეთაში, სწორედ გენგეგმის არ არსებობის გამო შეჩერებული იყო, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.

„იმიტომ არის 8 ჯგუფი, რომ თითოეულმა ჯგუფმა თავის მიმართულებით მცხეთისთვის საჭირო დოკუმენტაცია შეიმუშაოს, როგორიც არის რეკრეაციული სივრცეების განვითარება, სატრანსპორტო კუთხით მცხეთის განვითარება,“ - განაცხადა ამხანაგობა "აქოლისის" თავმჯდომარემ.

გეგმის პროექტი დღეს მთავრობის წევრებმა ადგილობრივებს გააცნეს.

„არის წარმოდგენილი კომპანიები, რომლებსაც თავისი მიმართულებით აქვთ რა თქმა უნდა ის გამოცდილება, რომელიც საჭიროა გენგეგმის შემუშავებისთვის, რომელსაც უკვე აქვთ დიდი გამოცდილება ისეთი სივრცითი მოწყობის გეგმების შედგენაში, როგორიც არის ნიკორწმინდა, შოვი, ხერთვისი,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძემ პროცესის გამჭვირვალობის და საჯაროობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„გენგეგმა არის ძალიან კომპლექსური ძალიან რთული დოკუმენტი, რომელიც ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე დაიდება. მთავარი პრინციპები, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ გახლავთ პროცესის გამჭვირვალობა, საჯაროობა და მაქსიმალური ჩართულობა, ჩართულობა როგორც პროფესიული სფეროს წარმომადგენლების, ისე არანაკლებად აქტიური, თუ მეტად არა, ჩართულობა ადგილობრივი მოსახლეობის,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

დღის ამბები