ტყვეობაში მოქცეული ევროპის ჩემპიონი - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირების შემდეგ, ზურაბ დათუნაშვილი ვარაუდობს, რომ მას საქართველოში კარიერული წინსვლის შანსი აღარ აქვს, თუმცა სპორტსმენს არც სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლებას აძლევენ. დათუნაშვილი აცხადებს, რომ ჭიდაობის ფედერაციიდან და ოლიმპიური კომიტეტისგან ჯერ ოფიცილაური პასუხი არ მიუღია, თუმცა არაოფიციალურად უთხრეს, რომ მას გათავისუფლების მოწმობას არ მისცემენ.
დაპირისპირება ზურაბ დათუნაშვილსა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შორის დიდი ხნის წინ დაიწყო, მაშინ როცა ზურამ ფედერაციაში არსებულ ვითარებაზე თვალი არ დახუჭა და საკუთარი აზრი ხმამაღლა გააჟღერა. მოვლენებმა კულმინაციას რამდენიმე თვის წინ, საქართველოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მიაღწია. "კურიერის" მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანდა, რომ გეგეშიძემ სპორტსმენს ფიზიკური შეურაცხყოფა სახალხოდ მიაყენა. საქმეზე გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც "რუსთავი 2"-ის ეთერით ეს კადრები მთელმა საქართველომ ნახა.
გეგა გეგეშიძემ წინასწარი დაკავების იზოლატორში დღენახევარი გაატარა, შემდეგ კი გირაოს საფუძველზე გათავისუფლეს. გეგეშიძე დღემდე იკავებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს და მისი გადაყენება არც კი განიხილება.
დათუნაშვილის გარემოცვა არსებულ ვითარებას რეპრესიებს უწოდებს. თავად დათუნაშვილს არ აქვს იმედი, რომ 2020 წელს ტოკიოში საქართველოს სახელით გაემგზავრება.
სანამ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციისგან პასუხს მიიღებს, 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის აქტიურად ემზადება.
ავტორი: რუსკა გიორგაძე