17 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
"თუ უარს განვაცხადებთ, იძულებით აიღებენ ნერწყვს" - არასამთავრობოები მძღოლების ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების გადაწყვეტილებაში, წამების ნიშნებს ხედავენ

ნარკოტიკული თრობის ქვეშ ავტომობილის მართვა დღეიდან სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. დანაშაული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

საპატრულო პოლიციას, ეჭვის გაჩენისთანავე, უფლება აქვს ავტომობილი გააჩეროს და მძღოლის სიფხიზლე სპეციალური ტესტით ადგილზევე შეამოწმოს.

”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ არც ის და არც ერთი მისი თანაგუნდელი არ აპირებს, პოლიციელის შესაბამის მოთხოვნას დაემორჩილოს. 

მისი თქმით, კანონი სამართალდამცავს უფლებას აძლევს, ფიზიკური ძალდატანებით მოიპოვოს ბიოლოგიური მასალა. ჯაფარიძის თქმით, პოლიციელს შეეძლება გააკავოს ურჩი მძღოლი, გაუღოს პირი და ძალით აიღოს ნერწყვის სინჯი.  ჯაფარიძე ამბობს, რომ ახალი კანონის რეალური მიზანი სულ სხვა რამ არის. 

„უნდა გაგაკავონ ძალით, ძალით გაგაღებინონ პირი და აიღონ პირიდან ნერწყვი, მე მაგალითად არ ვაპირებ,რომ ჩავაბარო ჩემი ნებით და არცერთი "გირჩელი "არ აპირებს.

უბრალოდ, შს სამინისტროს ხელში იქნება მორიგი ბერკეტი,რომ ვინც უნდათ ჩასვან ციხეში და ვინც არ უნდათ იმას თავი დაანებონ. თორემ ის, რომ ისინი 10 ათასობით ადამიანს ციხეში ვერ ჩასვამენ ეს ყველასთვის გასაგებია,“-ამბობს ჯაფარიძე.

არასამთავრობო სექტორი გამკაცრებული კანონმდებლობის ხარვეზებზე საუბრობს. ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი დავით სუბელიანი ამბობს, რომ ახალი კანონი დისკრიმინაციულია და ის წამების ელემენტებს შეიცავს. მისი თქმით, თუ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართვის შემთხვევაში სანქცია მხოლოდ მართვის მოწმობის ჩაბარებაა, გაუგებარია, რატომაა სისხლის სამართლის დანაშაული მარიხუანას მოხმარების ქვეშ ავტომობილის მართვა.

"4 საათის წინ მოვიხმარე მარიხუანა. ამ ტესტის მიხედვით, რომ გამაჩერონ უნდა ჩავვარდე. მანქანით მოვედი აქ და ვარ სრულიად ფხიზელი. თუ უარს განვაცხადებთ ნერწყვის ჩაბარებაზე, მაშინ ჩვენს სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოვცხადდებით და იძულებით აიღებენ ნერწყვს, ეს ჩემი აზრით, წამების ნიშნებს შეიცავს,"-ამბობს სუბელიანი.

დღის ამბები