„დროა ვიბრძოლოთ, რომ არ ვიგლოვოთ!“ - შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიწყო.
შეკრებილები შრომის უფლებების და უსაფრთხოების დაცვას ითხოვენ. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დღესვე მიენიჭოს.
მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები აქცია-მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირზე გაემართებიან, სადაც მშენებლობის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.
ვაკეში სამშენებლო ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უმძიმესი ტრაგედიის შედეგად დაღუპულ ორ მუშას მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
უბედური შემთხვევა დღის ბოლოს ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ახალი კლინიკის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიწა შენობის საძირკველის გამაგრების დროს ჩამოიშალა და ორი მუშა ჩაიყოლა. მერიაში განმარტავენ, რომ კომპანია "ტრანსმშენი", რომელიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს ერთი კვირის წინ შემოწმდა და ყველაფერი წესრიგში იყო.
"ტრანსმშენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აღნიშნულ სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია ახორციელებდა და დაღუპული მუშებიც სწორედ მათთან იყვნენ დასაქმებულები.