150-მდე დევნილი მესამე დღეა, ალყაშია მოქცეული - ქალები და ბავშვები სასმელი წყლისა და საკვების გარეშე არიან დარჩენილები. „დირსის“ ადმინისტრაციამ კორპუსში ელექტროენერგია გამორთო და წყალი გადაკეტა, დევნილები მცირეწლოვან შვილებთან ერთად ღამეს სიცივეში ათენებენ. დღეს ისინი იძულებული გახდნენ გასათბობად ცეცხლი კორპუსში დაენთოთ. დევნილები ბინებით დაკმაყოფილებას დევნილთა სამინისტროსგან ითხოვენ.
პოლიციამ დევნილების ახლობლებს მხოლოდ დღეს მისცა უფლება, პროტესტის მონაწილეებთან მედიკამენტები და საკვები შეეგზავნათ.
„დირსში“ გამაგრებული დევნილების გარდა, საცხოვრებელ კომპლექსთან ფართების მოთხოვნით დღეს სხვა დევნილებიც შეიკრიბნენ. მათი თქმით, მთავრობისთვის არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე ვერ მოხერხდა შეპირებული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. იძულებით გადაადგილებული პირები ამბობდნენ, რომ დევნილთან სამინისტროში სახლებს მხოლოდ ნეპოტიზმის ნიშნით და კორუფციული გარიგებით აძლევენ.
დევნილებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი სამდღიანი პროტესტის შემდეგ მხოლოდ დღეს გამოეხმაურა. სერგეენკოს უწყებაში ამბობენ, რომ მოთხოვნები უსაფუძვლოა და „დირსის“ ტერიტორია დევნილებმა დროულად უნდა დატოვონ.
„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში 150-მდე დევნილმა ფართების დაკავება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაიგო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ბინები ჰქონდა შეძენილი, თუმცა ისინი მხოლოდ კონკრეტული ოჯახებისთვის უნდა გადაეცათ.