“სიკვდილით სავსე ქალაქი!“ - ამ ლოზუნგით თბილისში, აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს.
აქცია შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიწყო და ვაკეში იმ მშენებარე ობიექტთან გრძელდება, სადაც ორი მუშა მიწის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა.
შეკრებილები შრომის უფლებების და უსაფრთხოების დაცვას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დღესვე მიენიჭოს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, კოტე ერისთავი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
„დრო იმის, რომ გზები გამოგვითავისუფლონ და უსაფრთხო პირობები შეგვიქმნან იმისთვის, რომ არავინ არ შეგვამჩნიოს, ეს დრო წავიდა. ხალხი იხოცება ამ ქვეყანაში და ელემენტარულად კაციშვილი არ გამოსულა ხელისუფლებიდან, რომ ამაზე რამე ეთქვა. ამის დრო დამთავრდა, მაქსიმალური ხმაური იქნება, ახლა რასაც ხედავთ, ასჯერ ამდენი ადამიანი მოვა ხვალ და ზეგ, გამოფხიზლდნენ დროულად, სჯობია,“ - ამბობს კოტე ერისთავი.
ვაკეში სამშენებლო ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უმძიმესი ტრაგედიის შედეგად დაღუპულ ორ მუშას მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
უბედური შემთხვევა დღის ბოლოს ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ახალი კლინიკის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიწა შენობის საძირკველის გამაგრების დროს ჩამოიშალა და ორი მუშა ჩაიყოლა. მერიაში განმარტავენ, რომ კომპანია "ტრანსმშენი", რომელიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს ერთი კვირის წინ შემოწმდა და ყველაფერი წესრიგში იყო.
"ტრანსმშენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი წერია, რომ აღნიშნულ სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია ახორციელებდა და დაღუპული მუშებიც სწორედ მათთან იყვნენ დასაქმებულები.