აქცია თბილისში - მსვლელობის მონაწილეები მთავრობის წარმომადგენლებს ჭავჭავაძის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ. ისინი მიმართავენ თბილისის მერს, ჯანდაცვის მინისტრს და პრემიერს, რომ იმ ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც გუშინ მიწის ჩამოწოლის შედეგად ორი მუშა დაიღუპა.
აქციის მონაწილეების თქმით, აქცია ჭავჭავაძის გამზირზე გაგრძელდება მანამ, სანამ მთავრობის წარმომადგენლები არ მივლენ. მათივე თქმით, სერიოზული პრობლემაა ის, რომ ტრაგედიიდან მეორე დღეს, არც ერთი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
აქცია-მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციიდან დაიწყო და ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარეობს.
შეკრებილები შრომის უფლებების და უსაფრთხოების დაცვას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დღესვე მიენიჭოს.
ვაკეში სამშენებლო ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უმძიმესი ტრაგედიის შედეგად დაღუპულ ორ მუშას მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
უბედური შემთხვევა დღის ბოლოს ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ახალი კლინიკის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიწა შენობის საძირკველის გამაგრების დროს ჩამოიშალა და ორი მუშა ჩაიყოლა. მერიაში განმარტავენ, რომ კომპანია "ტრანსმშენი", რომელიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს ერთი კვირის წინ შემოწმდა და ყველაფერი წესრიგში იყო.
"ტრანსმშენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი წერია, რომ აღნიშნულ სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია ახორციელებდა და დაღუპული მუშებიც სწორედ მათთან იყვნენ დასაქმებულები.
ფოტო - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი