ბარსელონაში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციაზე, რა დროსაც საქართველოს მოქალაქეებიც დააკავეს, საქართველოს კონსული პირველ კომენტარს აკეთებს. ქეთევან გოგოლაშვილი ამბობს, რომ იგი არ ფლობს ოფიციალურ ინფორმაციას გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოს 66 მოქალაქე დააკავეს.
კონსულის თქმით, 6 დაკავებული გუშინვე გაათავისუფლეს. მისი თქმით, 60 დაკავებულის სასამართლო პროცესი დღეს უნდა დასრულდეს. მისი ვარაუდით, დაკავებულების ნაწილი წინასწარ პატიმრობაში ციხეში გადავა, ნაწილი კი საემიგრაციოში იქნება მოთავსებული.
„ოფიციალურად დაკავებულია 66 ადამიანი, 26 იყო, სავარაუდოდ, კრიმინალი და დანარჩენი 40 არალეგალი. დაკავებულიდან 6 გაუშვეს. სასამართლო ჩატარდება. თუ არალეგალებს არ დაუმტკიცდათ დანაშაული, ისინი, ალბათ, სავარაუდოდ, დეპორტირებულები იქნებიან სპეცრეისით, დანარჩენ კრიმინალებზე გაიმართება გამოძიება. კრიმინალური პოლიცია დეტალებს არ ახმოვანებს, რადგან დიდი ხნის წინ დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო, შესაბამისად, ინფორმაცია არ გამოდის. ძალიან კარგი კონტაქტები გვაქვს პოლიციასთან,“ - განაცხადა ქეთევან გოგოლაშვილმა.
კონსულის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ბარსელონაში ძირითადად პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით ჩამოდიან, რაზეც უარს ეუბნებიან.
"საქმე იმაშია, რომ ეს ხალხი, რომელიც აქ ჩამოდის, ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, მათ თვითონაც არ იციან, რომ ამას ითხოვენ. ეს რომ იყოს ჩვეულებრივ ჩამოდიან, სამუშაოს ითხოვენ, ეს სხვა რამეა, მაგრამ პოლიტიკურ თავშესაფარს არ აძლევენ, რასაც ეს ხალხი ითხოვს. ევროპის ბევრ ქვეყანაში შეყვანილი ვართ, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. რჩებიან უკეთესი ცხოვრების საძებნელად, შემოსავლის საძებნელად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო უსაფრთხო არ არის. იქ მათ არავინ არ ავიწროებთ თავიანთი პოლიტიკური მოსაზრების გამო. ეს ხალხი ძირითად ერთი და იგივე ტექსტით ჩამოდის, სადღაც მუშაობდნენ, ვიღაცის მომხრე იყვნენ და სამსახურიდან გამოაგდეს. ქართველებს ვურჩევდი, რომ ასე დაუფიქრებლად არ ჩამოვიდნენ,“ - განაცხადა ქეთევან გოგოლაშვილმა.
„კურიერის“ ინფორმაციით, 16 დაკავებულის პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა, რის შემდეგაც მოსამართლე შესვენებაზე გავიდა. ადგილობრივი დროით 17:00 საათზე პროცესი უნდა განახლდეს. „კურიერის“ ცნობით, საქართველოს 30 მოქალაქის სასამართლო პროცესი დღეს უნდა დასრულდეს.