17 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
ტურისტული სააგენტოს მფლობელს თაღლითობაში ადანაშაულებენ

ახალგაზრდა მამაკაცი ტურისტულ სააგენტოს მფლობელს თაღლითობაში ადანაშაულებს და გადახდილი ფულის უკან დაბრუნებას სთხოვს. გიორგი მიქელაძე ამტკიცებს, რომ გორში მდებარე სააგენტოს ხელმძღვანელი მას ნორვეგიაში სამსახურის შოვნას დაჰპირდა, თუმცა მისგან მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთის ჯავშანი მიიღო.

კვირაში რამდენჯერმე წეროვანიდან გორში გიორგი მიქელაძე თავისი ფულის დასაბრუნებლად ჩადის. ტურისტული სააგენტოს მფლობელს მან 3 ათას ევრომდე გადაუხადა. გიორგი მიქელაძე ამბობს, რომ ეკატერინე მეტრეველმა ნორვეგიაში დასაქმების სანაცვლოდ 5 ათასი ევროს გადახდა მოსთხოვა. თანხის ნაწილი მას თბილისში გადასცა და ბილეთების საყიდლად მოგვიანებით 800 ევროც დაუმატა, რისთვისაც ვალის აღება მოუწია.

მისი თქმით, ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნამდვილი ბილეთის ნაცვლად, მხოლოდ ფურცელზე ამობეჭდილი ჯავშანი მისცა. გიორგი მიქელაძემ ეკატერინე მეტრეველს პოლიციაში უჩივლა და გენერალურ ინსპექციასაც მიმართა. თუმცა ექვსი თვის გასვლის შემდეგ მან მხოლოდ 200 ევროს დაბრუნება შეძლო. ის ეჭვობს, რომ ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელს სამართალდამცველები მფარველობენ.

გიორგი მიქელაძე ამტკიცებს, რომ ის არ არის ერთადერთი დაზარალებული და ეკატერინე მეტრეველს კიდევ ბევრი ჰყავს მოტყუებული.

ეკატერინე მეტრეველმა „კურიერთან“ საუბარი არ ისურვა. მეტრეველის მამა განმარტავს, რომ მისი შვილი თვითონ დაზარალებულია, რადგან ის სხვამ მოატყუა და კლიენტებისგან შეგროვებული ფული მიატანინა. თამაზ მეტრეველი გიორგი მიქელაძეს თაღლითობაში თვითონაც ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება ეკატერინე მეტრეველის მიერ ჩადენილ სავარაუდო თაღლითობის რამდენიმე ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები