საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთ SNMG2-ის ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა.
სწავლებებში მონაწილეობდა: აშშ-ის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადმოცემული 2 ხომალდი - დიოსკურია და ოჩამჩირე. ასევე, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 4 ხომალდი - HNLMS Evertsen (ნიდერლანდების სამეფო), TCG Yildirim (თურქეთის რესპუბლიკა), BGS DRAZKI (ბულგარეთი) და ROS Regele Ferdinand (რუმინეთი).
ერთობლივი სწავლებები ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის საქართველოში საპორტო ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.
საზღვაო წვრთნები მოიცავდა ნატოს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებსა და აბორდაჟის პროცედურებს.
წვრთნების მიზანი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.