ციხე ნარკოტიკებით მარაგდება, წამალი საკნებში კრიმინალური ავტორიტეტებისთვის შეაქვთ - სპეცდანიშნულების რაზმი ქსნის კოლონიაში 5 თებერვალს შევიდა.
ქსანში, სპეცოპერაციის დროს, ციხის ერთი თანამშრომელი დააკავეს. სოსო მამაცაშვილს ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი აღმოუჩინეს, ტაბლეტი მას ტანსაცმელში ჰქონდა ჩაკერებული.
კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიით, კურიერმა ქსნის ციხის ერთ-ერთი თანამშრომლის ინტერვიუზე დათანხმება შეძლო.
გავლენიანი პატიმრისათვის ნარკოტიკების შეტანაში ბრალდებული სოსო მამაცაშვილი ციხის ადმინისტრაციასთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოვებული კადრი იყო. ის პოსტზე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მიხეილ აბაშიშვილის, რეკომენდაციით დაინიშნა და ქსანში განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდა.
ციხეში ნარკოტიკული ნივთიერების შეტანის ფაქტის გამოვლენის შემდეგ, კოლონიაში რეჟიმი გამკაცრდა.
მინისტრის მოადგილის ბრძანებით, ყველა თანამშრომელი ვალდებულია, ციხეში შესვლამდე სპეცკონტროლი სკანერის საშუალებით გაიაროს.
ქსნის კოლონიის რეჟიმის ინსპექტორი ყვება, რომ ბრძანება ყველას არ ეხება და ციხის ადმინისტრაციასთან დაახლოვებული თანამშრომლები საპყრობილეში ისევ შემოწმების გარეშე შედიან.
რეჟიმის ინსპექტორი, რომელიც კურიერთან ინტერვიუზე დასთანხმდა, ამტკიცებს, რომ ციხეს ადმინისტრაცია კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად მართავს. ე.წ მაყურებლები ნახევრად ღია დაწესებულების ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან და ხშირად დაწესებულების უფროსის, ჯონი კირვალიძის და მისი მოადგილის, ვახო დიდიძის, კაბინეტებშიც ისვენებენ.
ციხის მოქმედი თანამშრომლის მტკიცებით, ქსნის კოლონიაში ე.წ. მაყურებლებს თავისუფალი წვდომა აქვთ ინტერნეტთან. ციხის დირექტორის და მისი მოადგილის პერსონალური კომპიუტერებით კი მათივე კაბინეტებიდან ონლაინკაზინოში თამაშობენ.
ე.წ მაყურებლები რომ პრივილეგირებულები არიან, ამას ციხის რეჟიმის ინსპექტორის მტკიცებით, ისიც ადასტურებს, რომ სხვა პატიმრებთან შედარებით, მათთან ნებისმიერ მნახველს განუსაზღვრელი დროით შეუძლია შესვლა. ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან შეაქვთ ის ნივთები და საკვები, რაც სხვა პატიმრებისთვის აკრძალულია.
ციხის დირექტორს და მოადგილეს, თანამშრომლების მტკიცებით, რეაგირება კოლონიაში არც ე.წ. ქურდული საერთოს შეგროვების ფაქტთან დაკავშირებით აქვთ.
ადმინისტრაციის დამოკიდებულება პატიმრებთან და ე.წ. მაყურებლების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება, ქსნის კოლონიის თანამშრომლების მტკიცებით, მათ სამუშაოს გაუსაძლის ხდის. რეჟიმის განყოფილების მოქმედი თანამშრომლები დახმარებას და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ქსნის დაწესებულებაში შექმნილ პრობლემებზე საუბარი იუსტიციის სამინისტროში არ სურთ.
თეა წულუკიანის უწყება ციხის ადმინისტრაციის და თანამშრომლების მიერ კანონდარღვევის ფაქტებსაც მალავს. ამას გლდანის ციხეში მომხდარი ფაქტიც ადასტურებს. როდესაც ადმინისტრაციის თანამშრომელს პატიმართან მობილური, 2500 ლარის სანაცვლოდ, შეჰქონდა.
თანამშრომლის დაკავება უწყებამ მხოლოდ მას შემდეგ დადასტურდა, რაც ამბავი კურიერისთვის გახდა ცნობილი.