დიღმის მასივში, რამდენიმე საათის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად, 8 ადამიანია დაშავებული. აქედან ორი მათგანი ექიმების განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მათ შორის არის 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც 35%-იანი დამწვრობა აღენიშნება. მისი მდგომარეობა დანარჩენ დაშავებულებთან შედარებით მძიმეა.
21 წლის გიორგი ხოშტარიას, შესაძლოა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდეს. ის ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მას დამწვრობა აღენიშნება გულ-მკერდზე, ასევე კიდურებზე. ექიმების ინფორმაციით, ის კვლავ შოკურ მდგომარეობაში რჩება და მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაციის ჩატარება დასჭირდეს, თუმცა ეს უკვე ხვალ გადაწყდება.
„გიორგი ხოშტაირა 21 წლის მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში სხეულის თერმული დაზიანებით, 35%, თერმო ინჰალაციური დაზიანება სასუნთქი გზების. ამ დროისათვის, პაციენტი იმყოფება შოკურ მდგომარეობაში, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ოპერაციული ჩარევა სავარაუდოდ, მას შეიძლება დასჭირდეს, მაგრამ ეს უფრო ხვალ გადაწყდება. ამ ეტაპზე, რაიმე კრიტიკული ცვლილება მის ორგანიზმში და მის ზოგად მდგომარეობაში არ აღინიშნება, თუ რაიმე დაავადების მსვლელობისას გამოიხატა, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები,“ - განაცხადა რეანიმაციის მორიგე ექიმმა, იაგო მათიკაშვილმა.
დაშავებულთა შორის არის 7 თვის ბავშვიც. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ამ ეტაპზე ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სტაბილურია. მიმდინარეობს კვლეევები და უკვე დაზუსტებული ინფორმაცია გვეცოდინება რამდენიმე საათში. ერთი ბავშვი არის მოთავსებული იაშვილის სახელობის კლინიკაში, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ - განაცხადა დავით ტორუამ.
ღუდუშაურის კლინიკაში უბედური შემთხვევის დროს დაშავებული სამი ადამიანია მოთავსებული. როგორც მედიკოსები აცხადებენ, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთ მათგანს ტვინის ძლიერი შერყევა აღენიშნება.
მიხაილოვის კლინიკაშია გადაყვანილი კიდევ ორი დაშავებული, რომელთაგანაც ერთმა თვითდინებით დატოვა კლინიკა, თუმცა ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
ერთი ადამიანი რჩება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, 75 წლის ქალბატონი. ექიმების ინფორმაციით, მას დამწვრობა არ აღენიშნება.
აფეთქების დროს დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი იმყოფება თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში.