ამ წუთებში დიღმის პოლიციაში „ყაზტრანსგაზის“ რამდენიმე თანამშრომლის და იმ კორპუსის მცხოვრებთა ნაწილის გამოკითხვა მიმდინარეობს, სადაც დღეს აფეთქება მოხდა.
უცნობია, იმყოფება თუ არა გამოკითხვაზე იმ ბინის მეპატრონე, სადაც აფეთქება მოხდა. კონკრეტული პირების ვინაობა თუ ვინ აძლევს ჩვენებას სამართალდამცავებს, ამ ეტაპზე არ ხმაურდება.
აფეთქება დიღმის მასივში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში დღის პირველ ნახევარში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით მათ აფეთქებამდე ერთ საათით ადრე კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნეს და ყაზტრანსგაზის ცხელ ხაზზე დარეკეს თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილზე არავინ მისულა. ყაზტრანსგაზში კი აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 10 წუთში მივიდნენ თუმცა აფეთქება უკვე მომხდარი იყო. პირველადი ვერსიით აფეთქება კუსტარულად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია.
აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი 7 თვის ბავშვია. ასევე სხეულის დამწვრობა მიიღო 21 წლის მამაკაცმა, რომელიც იმ ბინაში იმყოფებოდა სადაც აფეთქება მოხდა.
„ხმა იყო, გამოვედით. პირველი რაც შევძელით რამდენიმე ადამიანი გამოვიყვანეთ. ყველას დანახვა ვერ მოვასწარი. აფეთქება დიდი იყო, ხმაც დიდი იყო. მესამე სართულზე ვიყავი, მესამე სართულიც სერიოზულად იყო დაზიანებული,“-აცხადებს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.