გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სოფელ შამგონაში როსტობაიების ოჯახში იმყოფებოდა. რუსი ოკუპანტების მიერ ორი დღის წინ გატაცებულის მშობლებთან ერთად სანდრა რულოვსი იმ მდინარის პირასაც მივიდა, საიდანაც როსტობაია თევზაობისას გაიტაცეს.
მისი მშობლები და შამგონელები ჩივიან, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში გაცილებით დაუცველად გრძნობენ თავს.
სანდრა რულოვსმა რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცების მორიგ ფაქტს რუსეთის მორიგი პროვოკაცია უწოდა და მოქმედი ხელისუფლება რუსეთთან დათმობის პოლიტიკისა და საკუთარი მოქალაქეებისადმი გულგრილობის გამო გააკრიტიკა.
„თავისი თხილის პლანტაციის ბოლოში იჯდა, თევზაობდა თავისთვის და წაყვანა რუსმა ოკუპანტმა. როგორც ვიცით, ახლა არის დაკავებული და ელოდებიან ამბებს. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დაბრუნება... მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ ზომებს მივიღებთ. ძალიან მაინტერესებს, რა ზომებია ეს. იმიტომ რომ ამბობენ, რომ რუსეთთან ჩვენ კარგად გვაქვს ურთიერთობა დალაგებული. თუ ასე კარგად აქვთ დალაგებული, გელა რატომ არ არის სახლში,“ - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
როსტობაიების ოჯახში იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი.
„ეს მართლა აუტანელი და გაუსაძლისი მდგომარეობაა მთელს საქართველოში. არ შეიძლება, ადამიანებს იტაცებდნენ ესე როგორც მათ მოესურვებათ. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი სისუსტე. ჩემი ამ წუთას აქ ყოფნა, მე ვარ ვალდებული მთელი საქართველოს წინაშე, იმიტომ რომ ჩემი ტკივილი და ტრაგედია ისე მიიღო საქართველო, როგორც თავისი ტკივილი. ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი, ნებისმიერ ოჯახში მივიდე, გვერდით დავუდგე,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.