პარაოლიმპიელები პარაოლიმპიური კომიტეტს პოლიტიკური ნიშნით ჩაგვრაში ადანაშაულებენ. მათ შორის არის აკაკი ჯონჭარაძეც, რომელმაც საქართველოს სახელით არაერთ შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზა. პარაოლიმპიელი ამბობს, რომ მისი პირადი მწვრთნელი ოპოზიციური პარტიის წევრია, თავადაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი არ არის, პოლიტიკური შეხედულებების გამო კი პარაოლიმპიური კომიტეტიდან გარიყულია.
პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს პარაოლიმპიელი თემო არაბიძეც. საზოგადოებამ ის "რუსთავი 2"-ის მეგა-შოუს, ნიჭიერიდან გაიცნო. ეტლში მჯდომი თემო, რომელმაც ქეთისთან ერთად თავისი ცეკვით მთელი ქვეყანა მოხიბლა პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ამბობს, რომ იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო, ვინაიდან მას წინსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მიზეზი სანდრა რულოვსთან კავშირია, რომელიც, თავის დროზე, ძალიან დაეხმარა თემოს. თემო ყოველთვის განსაკუთრებულ მხარდაჭერას გამოხატავდა "რუსთავი 2"-ის მიმართ, რაც დღევანდელ მმართველ ელიტას ასევე ძალიან არ მოსწონდა.
პარაოლიმპიელების ბრალდებების არ სჯერა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს რატი იონათამიშვილს. დეპუტატი ამბობს, რომ პარასპორტისთვის ახლა ყველაზე წარმატებული პერიოდია და პოლიტიკური კონტექსტის მიკერება დაუშვებელია.