17 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
"უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკი ჰყოფს" - ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი

"უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკი ჰყოფს" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ღია წერილშია ნათქვამი. ბიძინა ივანიშვილი ღია წერილით 9 აპრილის 30 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ 1989 წლის 9 აპრილმა საქართველოს ბედი განსაზღვრა და ქვეყნის მომავალი გადაწყვიტა.

„საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან სამშობლოს დახსნა, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება - ეს იყო ის დიდი ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც გაერთიანდა და ერთ მუშტად შეიკრა მთელი ერი. 1989 წლის 9 აპრილი იყო უმძიმესი, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, მაგრამ ეს დღე ჩვენთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა - მთელი განვლილი ისტორიის მანძილზე შეძენილმა ეროვნულმა ენერგიამ ერთ პატარა მოედანზე მოიყარა თავი და დაღვრილი სისხლის მიუხედავად, ამ უთანასწორო ბრძოლიდან ქართველი ხალხი მორალურად გამარჯვებული გამოვიდა,“- წერია ივანიშვილის წერილში.

ექსპრემიერის განცხადებით, 1991 წლის 9 აპრილს, როგორც ამ ბრძოლის ლოგიკური შედეგი, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მისი თქმით, დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან რაციონალიზმზე ემოციამ იმძლავრა და "რჩეული ხელისუფლება დავამხეთ და ქვეყანა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ქაოსში გადავისროლეთ".

ივანიშვილი ვრცელ წერილში წერს, რომ კორუფციის ჭაობში მყოფმა ქვეყანამ, ემოციის ფონზე "შინნაზარდი დიქტატორი აირჩია", რომელიც ასევე სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტებს. მისივე განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შესაძლებლის ზღვარზე გაიარა და წარმოუდგენელი გამარჯვება მოიპოვა.

„დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, როდესაც სახელმწიფოს მშენებლობას ცივი გონება, მუხლჩაუხრელი შრომა და საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია სჭირდებოდა, ჩვენს რაციონალიზმზე ემოციამ იმძლავრა და მას შემდეგ, საკუთარ შეცდომებზე გვიხდება სახელმწიფოებრიობის სწავლა:

"ჯერ არჩეული ხელისუფლება დავამხეთ და ქვეყანა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ქაოსში გადავისროლეთ, შემდეგ კრიმინალებს ვაჯიჯგნინეთ სამშობლო, მერე, თითქოს გონს მოსულებმა, ქვეყანას გეოსტრატეგიული ფუნქციაც შევძინეთ და ნატო-ს კარზეც დავაკაკუნეთ, მაგრამ კორუფციასა და უძრაობაში ჩაფლულებმა იმდენი ვქენით, სანამ ემოციურ ტალღაზე შინნაზარდი დიქტატორი არ გამოვიძახეთ, რომელიც რუსთაველის გამზირზე ისევ სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტს.

„2012 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის ოცდამეერთე წელს, საქართველო დემოკრატიის ნასახის გარეშე, გადავსებული ციხეებით, ხმაგაკმენდილი მედიით, ოკუპირებული ტერიტორიებითა და აღმოსავლური ტირანიის ისეთი ცინიკური მოდელით შეხვდა, რომელიც ხალხის ჯიბიდან წაგლეჯილი ფულითვე ყიდულობდა დემოკრატიის ნიღაბს შინ თუ გარეთ.

ასეთი იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ტრაექტორია - თავდაღმართში სვლის ტეხილი, რომელშიც ძალიან ცოტა იყო დარაზმულობის, შრომისა და ურთიერთ გატანის ადგილი, რომელშიც თითქმის ყველა ისტორიული გარდატეხა სულსწრაფობითა და ემოციით ხდებოდა, რის შედეგადაც ქვეყნის განვითარება ათწლეულებით დავხიეთ უკან.

„მიუხედავად ამისა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შესაძლებლის ზღვარზე გაიარა და წარმოუდგენელი გამარჯვება მოიპოვა.

ამ დღეს ხელმეორედ დაიბადა 9 აპრილის სულისკვეთება და უკვე მეშვიდე წელია, ქვეყანას მართავს რაციონალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელმაც უწყვეტი საგარეო და სამოქალაქო მშვიდობა მოიტანა, რაც უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

მაგრამ მაინც მივიღეთ პარადოქსული ვითარება: როგორც წესი, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას თან სდევს დემოკრატიის პროგრესი და ადამიანის უფლებების სტანდარტის ზრდა.

ჩვენს ქვეყანაში, იმის გამო, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ უზრუნველყო დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და პოლიტიკური უფლებების სფეროში თამასა ევროპულ სიმაღლემდე ასწია, ჩვენი ეკონომიკური მოცემულობა ობიექტურად ჩამორჩა ამ სტანდარტს.

სწორედ ამას იყენებენ ქაოსის მსურველი ძალები, სარგებლობენ რა ჩვენს მიერ დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით და ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში და დღესაც, მათი მთავარი დასაყრდენი კვლავ რაციონალიზმზე გამარჯვებული ემოციებია.

„ქვეყნის სტაბილურ წინსვლას რეალისტური და მკაფიო ამოცანები, მოთმინება და თანმიმდევრულობა სჭირდება. წინსვლა არ არის მყისიერი პროცესი. ის ითხოვს ხანგრძლივ სამოქალაქო მშვიდობას, რომელიც არ მიიღწევა ბარიკადების პირობებში. ამისთვის აუცილებელია ერთსულოვნება. სწორედ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიყავით 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც არავინ კითხულობდა, თუ ვინ სად იდგა მანამდე, როცა ამპარტავნება და ეგოიზმი ვერ ერეოდა საერთო საქმეს, როცა საკუთარი თავი კი არ მოსწონდათ ეროვნულ მოძრაობაში, არამედ პირიქით, ეროვნული მოძრაობა - საკუთარ თავში.


მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ. ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლას, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიეტევოს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს“ და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება. ყველგან, სადაც იქნება ემოციების გამარჯვება საღ აზრზე, განზე გადგომა და თანამოაზრეებთან დაპირისპირება, იქ იქნება ქაოსის ძალების დასაყრდენი, იქ იქნება 9 აპრილის იდეალების ღალატი.

წარსულში მიბრუნება დღეს სრულიად წარმოუდგენელია. წინ მხოლოდ რაციონალური პოლიტიკის, განვითარებისა და დემოკრატიის გზაა. ქართული სახელმწიფოს წინსვლის შეუქცევადობა მხოლოდ საერთო მიზნისთვის მთელი საზოგადოების დარაზმულობაზეა დამყარებული. 9 აპრილი მუდმივად გვახსენებს ამას!"-წერია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.

დღის ამბები