დიღმის მასივში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქებულ საცხოვრებელ კორპუსში ექსპერტებმა და კრიმინალისტებმა მუშაობა ამ დროისთვის დაასრულეს. ისინი დილიდან ადგილზე იმყოფებოდნენ და დაზიანებული კორპუსის შესწავლას ახორციელებდნენ.
ექსპერტ კრიმინალისტების შემდეგ, ბინებში უკვე "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები შევლენ და ეცდებიან გაარკვიონ, რა გახდა გაზის დაგროვების და ძლიერი აფეთქების მიზეზი.
საცხოვრებელ კორპუსში მდებარე 4 საცხოვრებელი სახლი, თითქმის სრულად არის განადგურებული. ასევე დაზიანებულია მის გვერდით მდებარე ბინებიც.
დღეს დილიდან, გამომძიებლები კითხავენ ადგილობრივ მცხოვრებლებს და თვითმხილველებს, რომლებიც შემთხვევას შეესწრნენ.
„საშინელი ხმაური იყო, გავაღე კარები, ხალხი ჩამორბოდა, იყო საშინელი მტვერი... მე არაფერი ზარალი არ მიმიღია პირადად“ - ამბობს კიდევ ერთი მცხოვრები ავთო ჯმუხაძე.
დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში მცხოვრები კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები შემოწმების მიზნით, დაახლოებით ორი თვის წინ იმყოფებოდნენ.
„სახლში ვიყავი და აფეთქების ხმა გავიგე, მეგონა კორპუსს დაეცა ბომბი, სხვა არაფერი დამინახავს, შუშები ჩამოიმსხვრა სახლში. დაახლოებით, ერთი, ორი თვის წინ, პირადად ჩემ ოჯახში იყვნენ მოსულები და შეამოწმეს. ჩემთან არაფერი დარღვევა არ იყო. კორპუსში დადიოდნენ, ვისთან რა აღმოაჩინეს არ ვიცი,“ - აღნიშნა ანა გიგაურმა.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო. მათივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც სახლი იქირავა, გაზგაყვანილობა შეამოწმა.
„ნაქირავებში ცხოვრობდა ბიჭი, რომელიც ორი-სამი დღის გადმოსული იყო და სამუშაოებს ატარებდა, სანამ დაიწყებდა ცხოვრებას. შეამოწმა წყალგაყვანილობა და გაზის ხელოსანი მოუყვანია... ამის მერე საღამოდან დაგროვება მოხდა და დილას აფეთქდა გაზი,“ - ამბობს ია შენგელია.
აფეთქება დიღმის მასივში - მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გუშინ მოხდა. აფეთქებისას 8 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.