ლიბიაში დაკავებული ორი ქართველი მეზღვაურის მშობლებმა და ახლობლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი უწყებისგან მოითხოვდნენ, დროულად მოხდეს ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების განთავისუფლება და მათი საქართველოში დაბრუნება.
აქციის მონაწილეებს სამუშაო ფორმატში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პირადად შეხვდა.
„ყურადღება გვინდოდა ჩვენი ქვეყნის და მთავრობის და მივიღეთ დაპირებები უსაფრთხოების და გამოძიების დაჩქარების. გამოძიება თუ არ დაჩქარდა, ბუნებრივია არავინ არ გამოუშვებს ჩვენს შვილებს. ყოველდღიურ კომუნიკაციაზე შევთანხმდით და საჭიროება თუ მოითხოვს, ალბათ მოვითხოვთ შეხვედრას,“ - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის მშობელი, ფრიდონ ხაჩიძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ქართველი მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ისინი საკვებითა და წყლით უზრუნველყოფილები არიან.
„ისინი ცხოვრობენ სასტუმროში, იღებენ ანაზღაურებას, ჰყავთ ადვოკატი და უბრალოდ რამდენიმე საკითხის დაზუსტება გვთხოვეს ოჯახმა. ეს ინფორმაცია მიღებულია და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ,“ - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.