17 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
ჩამონგრეული კედლები, განადგურებული საოჯახო ნივთები - დიღმის მასივში მომხდარი უბედური შემთხვევის პირველი ვერსიები  

დიღმის მასივში მომხდარი უბედური შემთხვევის პირველი ვერსიები უკვე საჯაროდ განიხილება. არ არის გამორიცხული, რომ აფეთქება, სარემონტო სამუშაოების დროს, ღიად დატოვებული მილიდან გაზის გაჟონვას მოჰყვა. ფოტოებში, რომლებიც იმ ბინაშია გადაღებული, სადაც აფეთქება მოხდა, კარგად ჩანს, რომ გამანაწილებელზე გაზი გადაკეტილი არ არის, მილი კი არაფერს უერთდება.

"კურიერის" ინფორმაციით, ბინის ახალმა პატრონმა გამათბობლის დასამონტაჟებლად სახლში ხელოსანი მიიყვანა, სავარაუდოდ სწორედ მაშინ გახსნეს გაზი და აღარ გადაუკეტავთ. რამდენიმე წუთში კი ამავე სახლის აივანზე სანთებელა აანთეს, რაც აფეთქების მიზეზი გახდა.

კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, ჩამონგრეულია რამდენიმე ბინის კედლები და ჭერი, განადგურებულია საოჯახო ნივთები. 23 ოჯახი მე-2 დღეა ღამეს სასტუმროში ათევს. დღეს ისინი აფეთქებულ კორპუსში რამდენიმე წუთით, საჭირო ნივთების ასაღებად შეუშვეს.

რა გახდა აფეთქების მიზეზი ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ტერიტორიაზე დილიდან მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ყველა მცხოვრები.

დიღმის მასივში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად გუშინ 8 ადამიანი მძიმედ დაშავდა. 

 ავტორი: თამთა ჯიქია. 

დღის ამბები