ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე 29-ე საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელთა ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი ბაღის სამზარეულოში გაჩენილი ცეცხლი გახდა. აალება გაუმართავმა ჩამრთველმა გამოიწვია. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. 29-ე საჯარო ბაღის დირექტორის ინფორმაციით, საჯარო ბაღი მუშაობას ორშაბათიდან განაახლებს.
„სადილის კეთების დრო იყო და უცბად, რუბელნიკი რომ ჰქვია, საიდანაც ირთვება ელექტროღუმელი, იქ გაუშვა სუნი. ჯერ არ იყო ცეცხლი ანთებული. რადგანაც ძალიან ცუდი სუნი იყო, ვიფიქრეთ, რომ ბავშვებს არ ავნოს და იმ წუთშივე გამოვიყვანეთ ბავშვები ეზოში. ცეცხლი გაჩნდა შიგნით. სასწრაფოდ დავრეკეთ სახანძროში, 3 წუთში მოვიდნენ. არავინ არ დაშავებულა, ბავშვებს არც კი შეუსუნთქავთ,“ - განაცხადა საბავშვო ბაღის დირექტორმა ლალი ნოზაძემ.