დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის წინასაექსტრადიციო პროცედურები დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ქართველმა ესკორტის ოფიცრებმა შეფერდი ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გადასცეს.
მისი აეროპორტში გადაყვანა გასაიდუმლოებულად მოხდა. ჯეკ შეფერდმა N 8 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური გადაყვანის პროცესის ფოტო მასალას ავრცელებს.
ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, შეფერდი კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა და 24 წლის შარლოტა ბრაუნი დაიღუპა.
შეპარდი ქართველ სამართალდამცველებს 23 იანვარს ჩაბარდა. იუსტიციის მინისტრის მიერ 2019 წლის 8 აპრილს გამოცემული ბრძანებით კი, დაკმაყოფილდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ექსტრადიციის თაობაზე.