17 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
მოსახლეობის პროტესტი ყაზბეგში - ადგილობრივები სნო-ჯუთა-როშკის დამაკავშირებელი გზის მშენებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ

მოსახლეობის პროტესტი სოფელ სნოში - ადგილობრივები სნო-ჯუთა-როშკის დამაკავშირებელი ტურისტული გზის მშენებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

მათი თქმით, სამუშაოების დროს კუთვნილი მიწის ნაკვეთები ჩამოეჭრათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით მათთან არც საკომპენსაციო თანხებზე შეთანხმებულან. საუბარია 29 მიწის ნაკვეთზე.

მოსახლეობა ამბობს, რომ მოლაპარაკების პირველ ეტაპზე, მათ კომპენსაციის მიზნით 10 ლარი შესთავაზეს, რაზეც უარი უთხრეს. ამის შემდეგ კი მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთებიდან ჩამოაჭრეს კონკრეტული ტერიტორიები.

„დაუკითხავად შემოვიდა საგზაო დეპარტამენტი, მოგვიჭრეს, არავის არაფერი არ გვკითხეს და აამუშავეს ტექნიკა. ამაზე დიდი წინააღმდეგობა გვაქვს, იმიტომ, რომ შესაბამისი თანხა არ არის. ჩვენ არ ვართ ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი და არც ხელს ვუშლით ამ გზის მშენებლობაში. ჩვენი მოთხოვნაა, შესაბამისად დაგვაკმაყოფილონ, რაც ღირს ეს ნაკვეთები რეალურად,“ - ამბობს ადგილობრივი.

სოფელ სნოში ადგილზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ყაზბეგის მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„ამ პრობლემას ვსწავლობთ გზების დეპარტამენტთან ერთად და დარწმუნებული ვარ, ისეთი დეტალებია, რომ ზოგს რეგისტრაციაში არ აქვთ, ზოგი გადაფარვაშია და არასწორადაა დარეგისტრირებული, ამიტომ, ამის გასწორება, ამის რეგისტრაციებს გარკვეული დრო დასჭირდება... დარწმუნებული ვარ, რომ მოგვარდება ეს პრობლემა,“ - განაცხადა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს არ აქვთ პასუხი, თუ რატომ მოხდა მოსახლეობასთან შეუთანხმებლად გზის სამუშაოების დაწყება და ტერიტორიების ჩამოჭრა.

„რამდენადაც ვიცი დაურეგისტრირებელ მიწებზე არის საუბარი და საჭიროა მათი რეგისტრაცია და როდესაც იქნება დასრულებული რეგისტრაციის პროცესი, შემდეგ მოხდება კომპენსაციის გადახდა მოქალაქეებისთვის,“ - ამბობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განსახლების სამსახურის უფროსი, მიხეილ უჯმაჯურიძემ.

დღის ამბები