ვაშინგტონში ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.
ზაზა ოქუაშვილს ჯერ კონგრესის მიღებათა დარბაზში მადლობა გადაუხადეს, შემდეგ კი ბეიკერ მაკენზის ინსტიტუტში ჯილდო გადასცეს.
ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. მისი შემოყვანილია ქართულ ბაზარზე მსოფლიოში ცნობილი ავტობრენდები.
ბოლო რამდენიმე თვეა, ოქუაშვილი საქართველოში აღარ ჩამოსულა, რაც ხელისუფლებამ მასზე ზეწოლა დაიწყო. ის ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენია, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
„მქონდა შეხვედრები გაზეთებთან, ჟურნალებთან, კონგრესმენებთან. მათ იციან დღევანდელი სიტუაცია საქართველოში, რა პრობლემებია ბიზნესისა და ქვეყნის მთავრობის ურთიერთობის. არის ინტერესი, რომ საქართველოს ჰქონდეს მომავალი, ხოლო არ იციან დეტალები. პირადად ჩემი მოვალეობაა და აგრეთვე მორალური ვალდებულება, რომ მათ ავუხსნა დეტალურად, რატომ არ არის დღეს ბიზნესი კმაყოფილი, რატომ ხდება ეს, რა არის მიზეზი, ვინ არის მიზეზი,“ - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.