ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობასთან, სადაც დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავდნენ, დგებუაძის დედა შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
სამხარეო პოლიციის შენობის წინ, ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. აქციის მონაწილეებს, რამდენიმე წუთის განმავლობაში გზა გადაკეტილი ჰქონდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ გზა გაახსნევინეს.
რაც შეეხება თავად აქციის მონაწილეების მოთხოვნებს, დგებუაძის ადვოკატი და ოჯახის ახლობელი სამხარეო პოლიციის შენობაში შეხვედრაზე შეიყვანეს.
აქციის მონაწილეები დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. დგებუაძის ოჯახის წევრები, გუშინ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ და ამბობენ, რომ დგებუაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დატოვოს.