საქართველოს პრეზიდენტი ქართული ენის ცოდნის აუცილებლობაზე საუბრობს. განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ახალქალაქში გააკეთა. პრეზიდენტი ამბობს, რომ მათთვის, ვისაც სურს, რომ ორმაგი მოქალაქეობა მიიღოს, ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა. ზურაბიშვილის განცხადებით მას, როგორც ქვეყნის პირველ პირს, ქართული ენის პოპულარიზაციაზე პასუხისმგებლობა პირადად ეკისრება.
„ვიცი, რომ ყველას არ გესმით ქართული, შეიძლება ნაწილობრივად გესმით და მნიშვნელოვანია, რომ მაინც მოხვედით და ამისთვის დიდი მადლობა. მე ვიცი, რომ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ქართული ენა გახდეს ნამდვილად სახელმწიფო ენა, ანუ ყველასი ენა როგორც მე ვარ ყველასი პრეზიდენტი მე მაქვს პასუხისმგებლობა, როგორც კონსტიტუციით მოწოდებული, რომ ამ ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე, სწავლაზე ვიყო მე პირადად პასუხისმგებელი. მე ძალიან ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა ყოფილიყო შესაძლებელი ყველასთვის. ამისთვის საჭირო არის, რომ ორი მხარე იყოს და მეორე მხარემ, ე.ი. თქვენც, გააკეთოთ ის ერთი ნაბიჯი გადადგათ, რაც ნიშნავს რომ გინდათ მოქალაქეობა ამ ქვეყნის და ეს არის ამ ენის სწავლა და ამიტომ მე აქიდან დღეს, ახალქალაქიდან უნდა ვთქვა ხმამაღლა, რომ აუცილებელი არის, რომ ძალიან მოკლე მომავალში აქ გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა ბაღი,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.