ენერგეტიკოსების ბრალდებებს, რომ თითქოს ხელფასები არ იზრდება, „ენერგო პროში“ სიცრუეს უწოდებენ და ამბობენ, რომ ისინი დასაქმებულების უსაფრთხოების ნორმებზეც ზრუნავენ. კომპანიის განმარტებით, ხელფასების 50%-ით გაზრდას სულ მცირე 37 მილიონი ლარი დასჭირდება, რისი შევსების ერთადერთი წყაროც კომპანიისთვის, მხოლოდ ტარიფის გაძვირება იქნება.
„ენერგო პროს“ გენერალური დირექტორი, მიხეილ ბოცვაძე აცხადებს, რომ ყველა ხარჯი აბონენტებიდან შეგროვებული თანხით ფინანსდება, ხელფასების ზრდა კი მომხმარებლისთვის ტარიფის ზრდასთან არის დაკავშირებული.
„ბევრია არასწორი ინფორმაცია, ბევრია გადაუმოწმებელი. სამწუხაროდ, შეგნებულად დამახინჯებული ინფორმაციის გაჟღერება მოხდა. ჩვენი ყოველი ხარჯის დაფინანსება ხდება აბონენტებიდან შეგროვებული თანხით და ჩვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ პროცესს და, რა თქმა უნდა, უფლებას ვერ მივცემთ ჩვენ თავს გავზარდოთ სახელფასო განაკვეთები 50%-ით. ვინაიდან, ეს როგორც მინიმუმ, არის ერთი თეთრით საბოლოო მომხმარებლის ტარიფის ზრდა. ის პოლიტიკა, რაც კომპანიას აქვს და კომპანიას აქვს მკაცრად ჩამოყალიბებული, პრინციპული პოლიტიკა ყველა მის გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ, ვერანაირი მსგავსი გამოხტომა ვერ შეცვლის ჩვენს მიდგომას,“ - განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.
„ენერგო პროს“ ათასობით თანამშრომელი ხელფასების გაზრდას და შრომითი პირობების, მათ შორის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას ითხოვს. ენერგეტიკოსები მასობრივ გამოსვლებსა და გაფიცვასაც აანონსებენ, თუმცა აცხადებენ, რომ შედეგად მოსახლეობის ენერგო მომარაგებას პრობლემა არ შეექმნება. მოთხოვნებს შორისაა ხელფასის 50%ით ზრდა და ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება.