დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბაჩანა შენგელიას ბრალდებებს პასუხობს. საუბარია ია კერზაიას შვილის იმ განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ მისი დედის გარდაცვალების საქმის გაყალბებაში მთელი სამთავრობო მანქანაა ჩართული. ბაჩანა შენგელიას განცხადებით, მათ შორის არის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, რომელმაც მისი თქმით, უკვე მეორედ არ გამოყო ექსპერტები იმისთვის, რომ დადგინდეს ია კერზაიას ინსულტი უკავშირდება თუ არა სტრესს.
ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მარინა დარახველიძის თქმით, არის შემთხვევები როდესაც ექსპერტები დაკავებულები არიან და ამის გამო ბაჩანა შენგელია უწყების მხრიდან კონკრეტული რეკომენდაციები მიეცა.
„ერთ შემთხვევაში გამოყოფილია ექსპერტის კანდიდატურა. როგორ დამთავრდა მათი ურთიერთობა ექსპერტთან ჩვენთვის არ არის ცნობილი. ამ ინფორმაციას ჩენ არ ვიღებთ. მეორე შემთხვევაში ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, რომ უმჯობესი იყო იმ ეტაპისთვის მიემართა ექიმთა პროფესიული ასოციაციისთვის. მათ აქვთ მეტი არჩევანი შეთავაზებისა. ჩვენ სავარაუდოდ, ამ ეტაპზე ვერ მოვიძიეთ შესაბამისი ექსპერტი. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ისინი კლინიცისტები არიან. მუშაობენ, ან იმყოფებიან მივლინებაში საქმიან ვიზიტზე, ან შვებულებაში,“-განაცხადა მარინა დარახველიძემ.